საზოგადოება

ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი ელისო კილაძის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს

21.06.16 21:00


თბილისის პროკურატურამ “ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ ელისო კილაძის მიერ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებზე გამოძიება დაასრულა.

ჯანყარაშვილის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას თქმით, 2016 წლის 12 აპრილს პროკურატურამ ერთწლიანი ძიების შემდეგ, ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებზე მრავალეპიზოდიანი გამოძიება შეწყვიტა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

ადვოკატის თქმით, საქმე ეხებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ არაერთ ბინძურ, ცილისმწამებლურ, შეუსაბამო ცნობების გავრცელებას, რაც სისტემატურ ხასიათს ატარებდა.

“აშკარად არის გამოკვეთილი აღნიშნული ბინძური პიარკამპანიის დამკვეთი და მისი უშუალო შემსრულებლები. პროპაგანდისტური მანქანის ძირითადი სამიზნე იყო პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” და დღეს მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაცია, რათა საზოგადოებაში ხელოვნურად გაჩენილიყო ნეგატიური დამოკიდებულება მმართველი ძალის მიმართ”, – განაცხადა გაბუნიამ.

ადვოკატმა კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ პროპაგანდისტულ ჯგუფში უშუალოდ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მოიაზრებს, რისი ფაქტებიც და მტკიცებულებებიც არსებობს.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ელისო კილაძეს სიცრუის გავრცელებაში თანხას უხდიდა, რისი კონკრეტული ფაქტებიც არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტების დასახელებისგან თავი შეიკავა.

“ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. უახლოეს დღეებში, განცხადებით მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რათა დეტალურად იქნას შესწავლილი ელისო კილაძის საქმიანობა. ვთვლით, რომ ეს სუბიექტი არ უნდა იყოს ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის პროფესიული გაერთიანების წევრი.

მოვითხოვთ, მას ჟურნალისტური საქმიანობა აეკრძალოს, რადგან ის დაკავებულია მხოლოდ სიცრუის ტირაჟირებით, ყოველგვარტი ფაქტების და არგუმენტების გარეშე. ელისო კილაძე ჩიტების მოტანილ ამბებზე ავრცელებს სიცრუეს.

მივმართავთ ასევე საქართველოს პარლამენტს, რათა ცილისმწამებლური ცნობების გავრცელების გამო, შესაბამისი კანონმდებლობა გამკაცრდეს. აქვე მოვუწოდებთ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, დროულად დანიშნოს საქმის ზეპირი განხილვა, სადაც ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ, სარჩელი შევიტანეთ ელისო კილაძის საქმეზე და ამ პერიოდში, არც ერთი, მოსამზადებელი სხდომაც კი არ ჩატარებულა”, – განაცხადა ადვოკატმა.

დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს პროკურატურის დადგენილება გადასცა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, სადაც, მისი თქმით, ძირითადად, 4 ცილისმწამებლურ განცხადებაზე მიმდინარეობდა გამოძიება.

ეს იყო კაზინო აჭარის საქმე, სადაც ჯანყარაშვილთან ერთად, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებდა, ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშრებით, ასევე “ჯეოტრანსის” საქმე, სადაც თითქოს, ჯანყარაშვილმა ბერძენი ბიზნესმენი აწამა და აიძულა, თითქოს, გადაეფიქრებინა ტენდერში მონაწილეობა. ასევე “ალტკომის” საქმე, სადაც თითქოს, ჯანყარაშვილმა 43 მილიონის ოდენობის ქრთამი აიღო იმისთვის, რომ უკრაინულ კომპანიას გაემარჯვა ტენდერში.

მეოთხე საქმე, გაბუნიას თქმით, იყო გარდაცვლილ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, სადაც, თითქოს, ჯანყარაშვილი ამ პროცესს ხელს უშლიდა.

გაბუნიას თქმით, ყველა საქმეზე დაიკითხა მოწმეები, ასევე ელისო კილაძეც, რომელსაც არც ერთ საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებები არ გააჩნია და აცხადებს, რომ ჰყავს წყარო, რომლის დასახელებისგანაც ამ დრომდე თავს იკავებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები