პოლიტიკა

ევროპარლამენტის სოციალურ დემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

19.10.17 16:40


ევროპარლამენტარმა სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას.

ანდრეს მამიკინსმა დადებითად შეაფასა საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მაღალი დონის ვიზიტებსა და ევროპელ ლიდერებთან ინტენსიურ კონტაქტში გამოიხატება და მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის. ამ მხრივ მამიკინსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში, ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და შეხვედრა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, გერმანიაში ჩატარებული არჩევნებიდან მოკლე პერიოდში, "ყველა ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ თქვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში და ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით“- განაცხადა მამიკინსმა.

ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით ევროპული ინტეგრაცია დადებით როლს შეასრულებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში.

„მე და ჩემმა კოლეგამ ქლეარ მუდმა არაერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა და მკაფიო გზავნილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ანუ ცხინვალის რეგიონი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სივრცეში დაბრუნდება“ - განაცხადა ანდრეს მამიკინსმა. მისი აზრით რეინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე დადებით გავლენას მოახდენს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, რომელიც ხელმისაწვდომია ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობისათვის.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები