პოლიტიკა

ეკონომიკის სამინისტრომ ამერიკის სავაჭრო-საინვესტიციო მისიას უმასპინძლა

19.10.17 21:30


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს სანიმუშო პოლიტიკური ურთიერთობები და უკვე დროა, რომ უფრო მეტად ვიფიქროთ ეკონომიკურ ნაწილზე, განსაკუთრებით ვაჭრობაზე“- განაცხადა გახარიამ.

,,ფუნიკულიორში“ გამართულ შეხვედრას მინისტრთან და მის მოადგილეებთან ერთად აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე აშშ- ს კომერციის დეპარტამენტისა და უცხოური საინვესტიციო კორპორაციების დაახლოებით 30 წარმომადგენელი დაესწრო.

იან კელის განცხადებით, ამ სავაჭრო მისიაში წარმოდგენილია 12 მსხვილი კომპანია, რომელიც შეისწავლის ინვესტიციის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით. ,,სავაჭრო მისია არის ჩვენი მცდელობის და ძალისხმევის ნაწილი, რომ მოხდეს ზოგადად, ინფორმაციის გავრცელება, ცნობიერების ამაღლება საქართველოს ბაზრის მიმართ - თუ როგორი კარგი საინვესტიციო გარემოა საქართველოში და როგორი მარტივია ბიზნესის კეთება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ამ მიმართულებებით საკმაოდ მაღალი რეიტინგები აქვს.”- განაცხადა იან კელიმ.

აშშ -ს სავაჭრო მისია საქართველოში ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტისა და სქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება.

ამერიკა- საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტის, მამუკა წერეთლის განცხადებით, ბიზნესმისიის მთავარი მიზანია დამყარდეს საქმიანი კონტაქტები პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს შორის. ვიზიტის ფარგლებში 150-მდე შეხვედრაა დაგეგმილი.

აშშ-ს სავაჭრო მისიის ფარგლებში სამშენებლო, ლოგისტიკის, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები ბიზნესშეხვედრებს ხვალ გამართავენ საქართველოში ვაჭრობის გაძლიერების და სამომავლო ინვესტირების მიზნით.

ამერიკის სავაჭრო მისიაში მონაწილე კომპანიები არიან: Acrow Bridge, Baron Weather, Bechtel, Budget, Coca-Cola, Lockheed Martin, Miyamoto International, MWH, Nova Power, Obie Technologies, The Greenbrier, და VISA.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები