პოლიტიკა

საია-მ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

20.10.17 18:05


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესები მეტნაკლებად მშვიდ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საარჩევნო სუბიექტებმა შეძლეს საკუთარი პროგრამებისა და დაპირებების ამომრჩევლისათვის გაცნობა ამომრჩეველთან უშუალოდ შეხვედრებისა თუ წინასაარჩევნო მასშტაბური აქციებისა და ღონისძიებების მეშვეობით.

ძირითადად პრობლემები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში დაფიქსირდა, სადაც იდენტიფიცირებულ იქნა როგორც შიდაპარტიული დაპირისპირებები, ასევე მძაფრი კონკურენტული გარემო.

„საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდო მუქარა/ზეწოლის 10-ზე მეტი, ფიზიკური დაპირისპირების 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 9, წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის 5 ფაქტი.

საარჩევნო ადმინისტრაცია

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება დროულად, კანონით გათვალისწინებულ ვადაში განხორციელდა, თუმცა დაფიქსირდა მთელი რიგი პრობლემები. აღმოჩნდა რომ კონკურსში მონაწილეობდნენ ის პირები, ვისაც გასულ არჩევნებში, მათ შორის 2016 წლის არჩევნებში დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა მონიტორების ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეს პირები მაინც აირჩიეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად. ასევე მონიტორების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა იმ პირთა პროფესიული ნიშნით არჩევას საუბნო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც უახლოეს წარსულში წარმოადგენდნენ სხვადასხვა პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში.

საარჩევნო ადმინისტრაციაში ჩვენს მიერ წარდგენილი განცხადებებისა თუ საჩივრების განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ხშირ შემთხვევებში დეტალურად არ სწავლობდნენ საქმეში წარმოდგენილ მასალებს, და გადაწყვეტილებას მხოლოდ სავარაუდო დამრღვევის ახსნა-განმარტების საფუძველზე იღებდნენ. საბოლოო ჯამში კი მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხასიათდება დასაბუთებულობის დაბალი სტანდარტით.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ პრობლემად დარჩა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდის საკითხი.

უწყებათაშორისი კომისია

უწყებათაშორისი კომისიის მიერ რეკომენდაციების გამოცემის შემდგომ დარღვევები მაინც ფიქსირდებოდა, რაც პრობლემურია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული უწყება, გასცდეს მხოლოდ პრეტენზიების მოსმენისა და ინფორმაციის ურთიერთგაზიარების პლატფორმას, რასაც დღეის მდგომარეობით ის წარმოადგენს და იქცეს უფრო ქმედით და ეფექტურ უწყებად.

საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება

იურიდიული პირები სოლიდური ფულადი შემოწირულებით ძირითადად მმართველ პარტიას აფინანსებდნენ. იურიდიული პირების მიერ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების სასარგებლოდ ძირითადად არაფულადი შემოწირულება ფიქსირდება.

მედია გარემო

მედია გარემო არის პლურალისტული, თუმცა პოლარიზებული. გარკვეული საარჩევნო სუბიექტები წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდნენ მათთვის მედია სივრცის შეზღუდვაზე.[1]

ამ არჩევნებზე აქტუალური გახდა სოციალური ქსელებით კონტრაგიტაციის ფაქტებიც, რომელიც პერმანენტულ ხასიათს ატარებდა და სხვადასხვა სუბიექტების წინააღმდეგ დასპონსორებული გვერდების მეშვეობით ხორციელდებოდა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

წინასაარჩევნო პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ადამიანური რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების ფაქტები. ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების (სკოლის, საბავშვო ბაღების პედაგოგების, ააიპების თანამშრომლების) ჯგუფურ დასწრებას მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებზე, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ასეთი ხასიათის დასწრებები ორგანიზებულ და სავალდებულო ხასიათს ატარებდა, რაც ცალკეულ შემთხვევებში დასტურდებოდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, რომლებმაც საგანმანათლებლო პროცესების პოლიტიზირების რისკები შექმნა.

ადგილი ჰქონდა სასწავლო გაკვეთილის ჩატარებას პარტიული სიმბოლიკის გამოყენებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების – რესურსცენტრის ხელმძღვანელების მხრიდან მმართველი პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ აგიტაციას. ასევე საბავშვო ბაღების თანამშრომლების ორგანიზებულ ჩართვას წინასაარჩევნო პროცესებში (მმართველის პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისა და მათ სასარგებლოდ „მხარდამჭერთა“ მობილიზების კუთხით).

მსგავსი ფაქტები წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ეწინააღმდეგება ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 5.4 მუხლს, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიის საქმიანობის გამიჯვნას. აღნიშნული მუხლის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ უნდა იყვნენ აღრეულნი სახელმწიფოსთან.

წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა სააგიტაციო მასალების გავრცელებაში ხელშეშლის არაერთი ფაქტი, მათ შორის სააგიტაციო პლაკატების ჩამოხევა, გადაკვრა, დაზიანება. ასევე ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო შეხვედრების ხელშეშლის ფაქტებსაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეშლაზე (კონტრაქციებსა და საარჩევნო მასალების დაზიანებაზე) ასევე საუბრობდა მმართველი პარტიაც.

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებიც, ადგილი ჰქონდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტებსაც.

მუქარა, ზეწოლა, ფიზიკური დაპირისპირება

საანგარიშო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები, საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის ან გადაბირების შედეგად ხსნიდნენ.

აგრეთვე, რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა ზეწოლას ამომრჩევლებზე, იმ მიზნით, რომ მათ მმართველი პარტიისთვის დაეჭირათ მხარი.

წინასაარჩევნოდ მსგავსი ფაქტები ცალსახად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მშვიდ და სტაბილურ საარჩევნო გარემოს, გავლენასახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ გარემოში ჩატარებაზე, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დემოკრატიისა და მმართველობის ხარისხზე აისახება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტებზე წარიმართოს მყისიერი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება, რაც იქნება ეფექტური და მოახდენს დარღვევების შემდგომ პრევენციას. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე გამოძიებები ვერ ქმნის დაცულობის განცდას და ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს კანდიდატებისთვის. საანგარიშო პერიოდში საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული აგიტაციის ცნება ცესკომ ვიწროდ განმარტა, რითიც სააგიტაციო ღონისძიებაში კანონის დარღვევით მონაწილეობის დაკანონების საფრთხე შექმნა“, – წერია ორნგაიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები