საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ თანამშრომლობის შედეგად 212 ადამიანი დასაქმდა

22.06.16 20:15


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ თანამშრომლობის შედეგად 212 ადამიანი დასაქმდა.

ამასთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ჟურნალისტებს დასაქმების ფორუმის შედეგები გააცნეს.

„ჯი პი აი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმი 21 აპრილს გაიმართა. გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიაზე დაინტერესება 1 500-მდე ადამიანმა გამოთქვა, საბოლოოდ 212 კანდიდატი შეირჩა, რომლებიც „ჯი პი აი ჰოლდინგის“ ტრენინცენტრში გადამზადების ინტენსიურ კურსს გადიან. შერჩეული კანდიდატებიდან 65 სოციალური მომსახურების სააგენტოს, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელია.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების აქტიურ პოლიტიკას აგრძელებს.

საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებული არის 60 000 სამუშაოს მაძიებელი. ასევე იზრდება კერძო ბიზნესისა და საჯარო უწყებების ჩამონათვალი, რომლებიც აღნიშნულ საიტზე სამუშაოს მაძიებლებს ვაკანსიებს სთავაზობენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სამუშაოს მაძიებლებს ღია შრომის ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად, შესაბამისი კონკურენციის პირობებში. ეს პროცესი ალბათ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში რათა ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ გარდატეხის შეტანა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაში“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ აღნიშნა, რომ დასაქმებულების უმრავლესობა საშუალო ასაკისაა. იგი ახალ თანამშრომლებს მიესალმა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენი კომპანია მზარდი, სტაბილური და განვითარებადი კომპანიაა. შესაბამისად პერიოდულად გვექნება მსგავსი ფორუმები და ვაკანსიები. ბუნებრივია, ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ნებისმიერ მსურველს და განვიხილავთ მათ კანდიდატურას“, - განაცხადა პაატა ლომაძემ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები