პოლიტიკა

მუხთარლის სასამართლო უახლოეს პერიოდში გაიმართება - აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი უთხრეს

08.11.17 17:50


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე სასამართლო პროცესი აზერბაიჯანში შესაძლოა ამ თვის ბოლოს დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას მუხთარლის ადვოკატზე დაყრდნობით kavkaz-uzel.eu ავრცელებს. მუხთარლის უფლებადამცველის თქმით, წინასწარი გამოძიება მუხთარლის საქმეზე პირველ ნოემბერს დასრულდა. მუხთარლის წინააღმდეგ წაყენებული მუხლები იგივე დარჩა, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალს სდებენ სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში, კონტრაბანდაში და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

ადვოკატის თქმით, მუხთარლი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მას ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნის, რადგან ის ჟურნალისტურ გამოძიებას აზერბაიჯანის ხელისუფლებაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით აწარმოებდა.

7 ნოემბერს მუხთარლის დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუხთარლისთვის წინასწარი პატიმრობის ფორმა შეეცვალათ და ის შინაპატიმრობაში გადაეყვანათ. ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი გამოძიება დასრულებულია, სასამართლომ იმ მოტივით, რომ მუხთარლის გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ისევ წინასწარი დაკავების დაწესებულებაში დატოვა.

შეგახსენებთ, 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა, როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ის თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები