ეკონომიკა

Silk Tower-ი Trump Tower-ის ნაცვლად: რას ააშენებენ ბათუმში

08.11.17 21:00


2019 წელს ქართული კომპანია Silk Road Group-ი ბათუმში სასტუმრო Trump Tower-ის ნაცვლად Silk Tower-ის მშენებლობას გეგმავს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Silk Road Group-მა ამერიკელი მაგნატის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization-თან(SRG) მოლაპარაკება გამართა და 2011 წლის სალიცენზიო შეთანხმების საფუძველზე სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება მიიღო. პროექტის ღირებულება 250 მლნ აშშ დოლარია. მას შემდეგ, რაც ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა, მისმა ორგანიზაციამ საქართველოში პროექტზე — 47-სართულიან Trump Tower-ზე უარი განაცხადა.

წინასწარი მონაცემებით, პროექტის მთლიანი ღირებულება 250 მლნ აშშ დოლარია. რამიშვილს იმედი აქვს, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. აღნიშნულ პროექტში Silk Road Group-ის პარტნიორი საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის „საქართველოს თანაინვესტირების ფონდია".

„ჩვენ ექვს თვეზე მეტია ამ პროექტს ვსწავლობთ, ვაფასებთ და მიგვაჩნია, რომ მისი განხორციელება, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის. ეს უძრავი ქონებისა და ტურიზმის სფეროში ფონდისთვის მეოთხე პროექტია", — განაცხადა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი" აჭარაში კიდევ სამი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

ამ ეტაპზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Servotel-მა Silk Road Group-ის დაკვეთით დაასრულა ბაზრის კვლევა და პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობს. Servotel-ის წარმომადგენლები თბილისში 5 ნოემბერს ჩამოვიდნენ და Silk Road Group-ისა და „თანაინვესტირების ფონდის" წარმომადგენლებთან ერთად პროექტის პირველადი პარამეტრების პრეზენტაცია გამართეს.

პროექტი მშენებლობის რამდენიმე ეტაპს გულისხმობს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია Silk Tower-ის მშენებლობა, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე იახტკლუბის განვითარება და კეთილმოწყობა.

პროექტის შემდეგი ეტაპები ითვალისწინებს დამატებითი საცხოვრებელი კომპლექსების, მაღალი კლასის სასტუმროების, კაზინოს, გასართობი ცენტრის, მულტიფუნქციური დარბაზისა და კონგრეს-ცენტრის მშენებლობას.

ამ ეტაპზე Silk Road Group-ი ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. 2018 წელს ტერიტორიის გენგეგმის შემუშავება დასრულდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები