პოლიტიკა

ვიტოლდ ვაშჩიკოვსი: ​„აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისგან საქართველო უპირობო მხარდაჭერას უნდა ელოდოს

14.11.17 20:15


„კითხვაზე თუ რას უნდა ელოდოს საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისგან, მსურს მოკლედ გიპასუხოთ – უპირობო მხარდაჭერას საქართველოს ამბიციებისადმი, გახდეს ევროკავშირის წევრი, გახდეს ყველა იმ ინსტიტუტის ნაწილი, რომელიც ჩვენ შევქმენით ევროპის დასავლეთ ნაწილში”, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ სამი ქვეყნის – საქართველოს, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის განცხადებით, სამიტზე მიღებულ იქნება კომუნიკე, რომელიც საქართველოს შესთავაზებს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტი დაახლოების პერსპექტივას.

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთი და შვედეთი მხარს უჭერენ ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან წევრობას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში შეძლებს ამ მიზნის მიღწევას ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმებისა და ძალისხმევის შედეგად.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ კონტექსტში მან „თბილისის კონფერენციის” მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გაიზიაროს პოლონეთის გამოცდილება. „ჩვენი გზავნილი ევროკავშირისადმი არის – რაც უფრო მალე მით უკეთესი”, – განაცხადა მინისტრმა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მინისტრის განცხადებით, პოლონეთისთვის არასდროს იქნება მისაღები დამოუკიდებელი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევა.

„ჩვენი, როგორც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მომავალი წევრის, იმედი უნდა გქონდეთ”,- აღნიშნა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები