პოლიტიკა

მინისტრი: EP-ის ინიციატორი ქვეყნების მინისტრების ვიზიტი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა

15.11.17 15:00


მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ბრიუსელის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე EP-ის ინიციატორი ქვეყნების საგარეო მინისტრების ვიზიტი საქართველოში მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა.

„დარწმუნებული ვარ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იქნება წარმატებული საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის და ევროკავშირისთვის. კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებისადმი მხარდაჭერა და ასევე განისაზღვრება ის პრაქტიკული ნაბიჯები რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მოსახლეობას“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსისთან და მარგოტ ვალსტრომთან შეხვედრის შეფასებისას.

მიხელ ჯანელიძემ ბრიუსელის სამიტის წინ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი მათი მხრიდან მკაფიო მხარდაჭერად შეაფსა.

„ეს არის მკაფიო გამოხატულება იმ მხარდაჭერის, რაც გვაქვს პოლონეთისა და შვედეთის მხრიდან და უკავშირდება როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე მის ევროპულ ინტეგრაციას“ - განაცხადა ჯანელიძემ. მან ხაზი გაუსვა ორმხრივ ფორმატებში პოლონეთთან და შვედეთთან თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების დახმარებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს განვითარებას.

„ეს არის ფასდაუდებელი და ამ მხარდაჭერის შედეგებს ჩვენ ვხედავთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზართან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით, რომლის იმპლემენტაციის შედეგად ევროკავშირი გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. დღეს შეგვიძლია უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონაში, დღეს ვართ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, დღეს საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ეს აღიარებულია როგორც ევროკავშირის გლობალურ უსაფრთხოების დოკუმენტში, ასევე დასტურდება იმ შეფასებებით რაც გაკეთდა ევროკომისიის ანგარიში, სადაც მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ საქართველო გახლავთ ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს ხვდება კარგ ფორმაში, ეს შეფასებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთსა და შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები