პოლიტიკა

პრეზიდენტი პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

15.11.17 15:15


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მარგოტ ვალსტრომთან და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსისთან.

შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ერთობლივი ვიზიტით იმყოფებიან, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს.

აღინიშნა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრასა და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს უდიდესი დატვირთვა აქვს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან შვედეთი და პოლონეთი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნები არიან და დიდი წვლილი მიუძღვით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის განვითარების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

"საუბარი შეეხო კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც იდგმება ევროინტეგრაციის მიმართულებით და იმას, თუ როგორია მოლოდინები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში და ქართულ საზოგადოებაში ამ საკითხებთან დაკავშირებით.

აღინიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციული პროცესის დინამიკა გაგრძელდეს და ის კიდევ უფრო გაიზარდოს და ამაღლდეს", -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უსაფრთხოების საკითხებს, იმ როლს, რომელსაც საქართველო ასრულებს საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩები პოლონეთსა და შვედეთში.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები