პოლიტიკა

პრემიერი - საერთაშორისო მკვლევარებმა მუშაობა დაასრულეს და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში

15.11.17 15:25


მკვლევარებმა მუშაობა დაასრულეს და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

„ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მიერ და დარწმუნებული ვარ, ყველას გიხარიათ ის, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან, ისრაელიდან, დაასრულეს მუშაობა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა. ჩვენ გვაქვს საშუალება, ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით ძალიან პოზიტიურად წარმოვაჩინოთ საერთაშორისო მასშტაბით და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველო ამ სტატუსით წარმდგარიყო. ეს ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია და ძალიან დიდ სიამაყეს ანიჭებს საქართველოს და საქართველოს ყველა მეგობარს.

გილოცავთ ამ ფაქტს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მუშაობა გაგრძელდება და კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ ქართული ღვინის და საქართველოს მეღვინეობის შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში აღმოაჩინეს ღვინის ქვევრების ფრაგმენტები, რომელიც, სავარაუდოდ 8 ათასი წლის წინანდელია. მკვლევარების ინფორმაციით, ქვევრები ორ ნეოლითის ხანის სოფელში აღმოაჩინეს, გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე, თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ს დაშორებით. გამოცემები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ღვინოს ახლაც უძველესი მეთოდით აყენებენ. მანამდე ყველაზე ძველად ირანში ნაპოვნი ქვევრი მიიჩნეოდა, რომელიც 7 ათასი წლით თარიღდება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები