საზოგადოება

საქართველოში გოგონებს პაპილომას ვირუსზე აცრიან

16.11.17 17:25


საქართველოში 1 დეკემბრიდან 9-14 წლის გოგონების პაპილომას ვირუსის საწინააღმდეგო აცრა დაიწყება, ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აცრა ჩატარდება თბილისში, ქუთაისში, ასევე აჭარასა და აფხაზეთში. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, ვაქცინას დე-ფაქტო ხელისუფლებას გადასცემენ.

იმუნოლოგები აცხადებენ, რომ პაპილომას ვირუსის წინააღმდეგ აცრა, რომელიც აუცილებელია გოგონებისთვის სწორედ 9-14 წლის ასაკში, საუკეთესო პრევენციული ზომაა საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ.

პაპილომას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) მხარდაჭერით, მსოფლიოს 23 ქვეყანაში შევიდა.

2006 წლიდან დღემდე პაპილომას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაემატა 71 ქვეყნის აცრების კალენდარს, მათ შორის აშშ-ის, ავსტრიის, ავსტრალიის, ბელგიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, საფრანგეთისა და სხვა.

„საქართველოში ყოველწლიურად საშვილოსნოს კიბოთი 200-მდე ქალი იღუპება. სახელმწიფო ახორციელებს სკრინინგ პროგრამებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა კი უკვე არსებობს და ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს ის", განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა.

პაპილომას ვირუსი მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. არსებობს ამ ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი და აქედან სულ ცოტა 13 კიბოს განვითარებას იწვევს. ვირუსი, უმეტესად, სექსუალური კონტაქტით გადაეცემა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კლინიკური ცდების შედეგებით, პაპილომას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტურია. ამიტომ უმჯობესია, ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები