პოლიტიკა

ოკუპირებულ გალში კიდევ ერთი სკოლა დახურეს

16.11.17 21:15


ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში საბაზო სკოლა (9-წლიანი) დახურეს.

ოფიციალური ბრძანება დირექტორს ჯერ არ მიუღია, თუმცა დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკვე გადაანაწილეს მოსწავლეები და მასწავლებლები თაგილონისა და ნაბაკევის საშუალო სკოლებში. ინფორმაციას ადასტურებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარიაც.

თაგილონის საბაზო სკოლაში 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით 23 მოსწავლე და 12 პედაგოგი იყო. ე.წ ოპტიმიზაციის შედეგად 15 მოსწავლე თაგილონის საშუალო სკოლაში გადაიყვანეს, 8 მოსწავლე კი ნაბაკევის სკოლაში. სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილეს მასწავლებლებიც, თუმცა 5 მათგანის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, ისინი საპენსიო ასაკის არიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, კონფლიქტის დაწყებამდე გალის რაიონში 58 საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა, დროთა განმავლობაში კი მათი რაოდენობა 31-მდე შემცირდა:

„სამწუხაროდ ეს ტენდენცია გრძელდება, ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ IPRM-ის შეხვედრაზეც და დავაფიქსირეთ ჩვენი პროტესტი. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ჩვენი მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ.“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები