პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა

16.11.17 22:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსიმ შეხვედრაზე საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბელარუსის რესპუბლიკას ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში გაწეული სწრაფი და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ყურადღება ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობასა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას დაეთმო.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მზარდი დინამიკა არსებობს.

მივესალმები ბელარუსის რეპუბლიკის კულტურის დღეების ჩატარებას საქართველოში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი დახმარებისთვის, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში გაგვიწიეთ. თქვენმა ეკიპაჟმა მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი მისია ბორჯომის ხეობაში და ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. მინდა დავუდასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. ასევე მინდა, მოვიკითხო ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში შედგება ჩვენი შეხვედრა, რომელზეც ძალიან მნიშვნელოვანს საკითხებს განვიხილავთ. მინდა, მთელი მთავრობის სახელით დაგარწმუნოთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები მოძმე ქვეყანასთან, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მივესალმებით მზარდ დინამიკას. ეს წელი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სავაჭრო ბრუნვით დავასრულეთ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდოს და არსებული პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს, გულთბილი მიღებისა და შეხვედრების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა, რომელთანაც ყოველთვის ვმუშაობდით, ვმუშაობთ და მომავალშიც განვაგრძობთ მუშობას, რათა ჩვენი ხალხების ცხოვრება გაუმჯობესდეს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც განახლებულ, რეფორმირებულ მთავრობაში დაიკავეს პოზიციები.

ჩვენ განსაკუთრებით მოხარულნი ვართ, რომ ეს პოზიციები დაიკავეს იმ ადამიანებმა, ვისთანაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება გვაკავშირებს. ისინი არიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე და დიდ სარგებელს მოუტანენ ქართველ ხალხს. წელს ტვირთბრუნვამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა და ჩვენი ამოცანაა მომავალ წელს 200 მილიონი დოლარი იყოს. ეს შესაძლებელია და ჩვენ ამას მივაღწევთ. ეს გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით შემოსავალს ჩვენი ხალხებისთვის”, – განაცხადა მიხაილ რუსიმ.

შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ”.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე დაესწრნენ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები