პოლიტიკა

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება

17.11.17 14:10


პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დღეს, პირველ შეხვედრას ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამართავს.

”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დღევანდელ საჯარო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები მიწვეული არიან როგორც ქუთაისიდან, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებიდან: ბათუმიდან, ზუგდიდიდან, ოზურგეთიდან და ასე შემდეგ.

შემდგომი განხილვა, მომავალი კვირის ბოლოს, დაგეგმილია თბილისში, სადაც წინასწარი ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებიდან მოწევეული პირების მონაწილეობით გაიმართება.

კონსტიტუციაში ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დაგეგმილია სხვა ფორმატებშიც.

საორგანიზაციო კომისიის მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.

იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე- 16 მუხლი, საიდანაც სიტყვების: ”სახელმწიფო უსაფრთხოება“, ”დანაშაულის თავიდან აცილება“ და ”მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღება ხდება.

გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. პროექტი ცვლილებების განხორციელებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ 50-ე მუხლშიც ითვალისწინებს, თუმცა ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებაა და ”ხმოსანი“ ტერმინით - ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები