პოლიტიკა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

17.11.17 17:25


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას უმასპინძლა.

შეხვედრის მთავარ საკითხს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორული კავშირების გაღრმავება, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკების განხილვა წარმოადგენდა.

კახა კახიშვილმა ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და მასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მისი განცხადებით, საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის თავზე, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები.

“არაერთი პროექტი ხორციელდება იაპონიის მთავრობის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსური მხარდაჭერით. საქართველოში უკვე წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი იაპონური კორპორაცია, რომელთა დახმარებითაც დღითიდღე იზრდება იაპონური ბიზნეს სექტორის მიერ ქართული საინვესტიციო სივრცით დაინტერესება, რაც მისასალმებელია.

ამასთან, სავიზო რეგულაციების გამარტივებამ ხელი შეუწყო ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და სახალხო დიპლომატიის განვითარებას,“ - აღნიშნა შეხვედრისას მინისტრმა.

კახა კახიშვილმა ელჩს 2012 წლიდან საქართველოში სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებულ იმ წარმატებულ რეფორმებზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა დამსახურებითაც საქართველომ ევროპის მასშტაბით მოწინავე პოზიციებზე გადაინაცვლა.

მინისტრის განცახდებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების მუდმივი და სწრაფი განვითარების ტემპების შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყანათა შორის გამოცდილების გაზიარება.

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ მინისტრსა და მის გუნდს წარმატებული რეფორმების გატარება მიულოცა.

“ქვეყნების შორის ურთიერთობები დამყარებულია ხალხებს შორის ურთიერთობაზე.

მოხარული ვარ, რომ მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს და ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ თანამშრომლობის გასაღრმავებლად,” - აღნიშნა ელჩმა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები