პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს შეხვდა

20.11.17 19:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ახალ ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ძირითადი თემები საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს დეტალურად გააცნო ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და სხვადასხვა სფეროში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები.

გამოითქვა სურვილი, იაპონია კიდევ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოში, კერძოდ გაიზარდოს იაპონური კომპანიების რაოდენობა და განვითარდეს ბიზნესურთიერთობები.

იაპონიის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ქვეყანაში არსებული გარემო. ტადაჰარუ უეჰარამ გამოთქვა დაინტერესება, ხელი შეუწყოს საქართველოში მეტი იაპონური კომპანიის მოზიდვას, ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იაპონიას მადლობა გადაუხადა მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის ისეთ პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით დაადასტურა სრული მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი იაპონიასთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები