პოლიტიკა

ირაკლი კობახიძეს ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

21.11.17 16:30


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.

ირაკლი კობახიძე, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბელორუსის რესპუბლიკაში იმყოფება, დღეს ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი და შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის შეუქცევადი არჩევანია.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, ბელორუსის რესპუბლიკასთან მჭიდრო და დინამიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძემ ბოლო წლებში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა და შესაბამისად, საქართველოში არის კორუფციის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზეც და განაცხადა, რომ ამ მხრივ ვითარება 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საგრძნობლად გამოსწორდა. ირაკლი კობახიძემ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებსაც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისთვის პატივია ბელორუსის ისტორიული სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების მინიჭება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან ისტორიული მეგობრობა აკავშირებს და პოლიტიკოსების ამოცანაა მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავება.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების მიღება. მადლობა გადავუხადე მის აღმატებულება რექტორს, პროფესორებს, აკადემიური საბჭოს წევრებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის არის უდიდესი პატივი, ამ ისტორიული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების ტარება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბელორუსსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური კავშირები, ძალიან კარგი ეკონომიკური კავშირები, გვაქვს ისტორიული მეგობრობა, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს და ჩვენი პასუხისმგებლობა და ამოცანაა პოლიტიკოსების, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება ბატონ ირაკლი კობახიძეს შესაძლებლობას აძლევს, წაიკითხოს ლექციები, კურსები და მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში. ასევე, დაესწროს უნივერსიტეტის საბჭოს სხდომებს”,- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, ანდრეი კოროლმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები