პოლიტიკა

საქართველოსა და სერბეთის ვიცე-პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

21.11.17 19:30


საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ სერბეთის ვიცე-პრემიერთან, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრთან, რასიმ ლაიაჩთან და საჯარო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრთან, ბრანკო რუზიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემა და ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.

ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერი მიესალმა ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სერბეთს შორის „სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების“ ხელმოწერას, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, მათ შორის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების ინტენსიფიკაციას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, როგორც სატრანზიტო, ასევე ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით.

მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ახლო მომავალში „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების გაფორმებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერბულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სფეროში და აღნიშნა ამ მიმართულებით ქართული მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

საუბარი ასევე შეეხო გამოცდილების გაზიარებას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სფეროში. აღინიშნა, რომ ამ მიმართულების თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სერბეთის საჯარო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის“ გაფორმება.

გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ვიზიტი და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.




წყარო : /www.newspress.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები