პოლიტიკა

"ლილოს ნაგავსაყრელი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს"- კახი კალაძე

21.11.17 20:40


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნარჩენების მართვის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

როგორც დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება აუცილებელია.

„ნარჩენების მართვის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებითაც გვაქვს ნაკისრი და ჩვენც იმ დონეზე ვართ მისული, რომ ამ კუთხით რეფორმების განხორციელება აუცილებელია.

აუცილებელია, ნარჩენების სეპარირება განხორციელდეს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეიცვალოს და გამოსწორდეს. ლილოს ნაგავსაყრელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ კი აღნიშნა, რომ არსებობს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ნაგავსაყრელის მოწესრიგება.

„თავის დროზე, პოლიგონი მოეწყო ისე, რომ არანაირი ნებართვა არ ჰქონდა. შესაბამისად, ის საქმიანობა, რაც ახლა მიმდინარეობს, პირველი და მეორე უჯრედის მოწესრიგებას, მესამე უჯრედის დამატებას, გაზშემკრების მოწყობასა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას ისახავს მიზნად, რათა ერთი მხრივ, მდინარის დაბინძურება ავირიდოთ თავიდან, ხოლო მეორე მხრივ, მეთანის აკუმულირება მინიმუმამდე დავიყვანოთ, რომელიც ორმაგ საფრთხეს შეიცავს.

მომდევნო წლის განმავლობაში, მაქსიმალური ენერგია იქნება მიმართული იქითკენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის პოლიგონზე ეფექტიანად განხორციელდეს, რომ ის პრობლემები, რომელიც უნებართვო საქმიანობამ გამოიწვია, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე მაია ბითაძესთან ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები