პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი - დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეერთებით კოორდინაციის ეფექტიანობა იზრდება

21.11.17 20:55


დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეერთებით კოორდინაციის ეფექტიანობა იზრდება, რადგან პრაქტიკაში, ამ ორი უწყების ინფორმაციის შეჯერება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

“შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკაშიც ეს ორი უწყება თითქმის პარალელურ რეჟიმში მოქმედებენ. 21-ე საუკუნეში გარე და შიდა საფრთხეები ერთმანეთთან ისეა გადაჯაჭვული და ამ კუთხით იმდენ კავშირშია შესაბამისი საინფორმაციო ველი, რომ მათი ერთად ყოფნა შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს. როდესაც ჩვენი ოპონენტები ან ექსპერტები დაეყრდნობიან ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: აშშ, თურქეთი, რუსეთი, საფრანგეთი და ასე შემდეგ, აუცილებლად შეხედონ მასშტაბებს. მასშტაბები განსხვავებულია. ჩვენი ქვეყნის წარმატების გასაღები იმაშია, რომ არსებული რესურსი და შესაძლებლობები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ - გავზარდოთ მმართველობის ძალა, კოორდინაციის მექანიზმები და კონტროლის საშუალებები.

შეიძლება დიდი რესურსის მქონე ქვეყანას აწყობდეს, რომ უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურები ცალკე ჰქონდეს, მაგრამ პატარა რესურსის ქვეყანაში ინფორმაცია მეტ-ნაკლებად ძალიან თავსებადია ერთმანეთთან. ჩვენთან შიდა და გარე საფრთხეები თითქმის ერთ კონტექსტშია აგებული, ამიტომ კოორდინაციით ჩვენ მეტ ეფექტიანობას ვიღებთ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი სესიაშვილმა.

მთავრობაში მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაზვერვის სამსახური უერთდება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები