მსოფლიო

ქართული კვალი ისრაელში: აღმოჩენილია VI საუკუნის ტაძარი

24.11.17 17:05


არქეოლოგებმა ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ქართული ტაძრის ან მთელი სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები აღმოაჩინეს, რომლის ასაკი დაახლოებით 1500 წელია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ისრაელი სიძველეთა სამმართველოზე დაყრდნობით.

ქალაქ აშდოდ-იამში მსხვილი არქეოლოგიური გათხრებისას მკვლევარები მოზაიკურ იატაკს გადააწყდნენ, რომელზეც ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერაა დატანილი - თუმცა წელთაღრიცხვის ძველქართული სისტემის გამოყენებით.

სწორედ ამან მისცა მეცნიერებს შესაძლებლობა, დაედგინათ არა მხოლოდ ნაგებობის ასაკი, არამედ მისი კუთვნილებაც.

იერუსალიმის უნივერსიტეტის დოქტორმა ლეია დი სეგნიმ წარწერაში მოხსენიებული „მესამე ინდიქცია, წელი 292-ე“ გაშიფრა როგორც ჩვენი წელთაღრიცხვის 539 წელი. მისი თქმით:
• „ეს ქართული კალენდრის ერეც-ისრაელში (ისრაელის ისტორიული მიწა, - რედ.) გამოყენების ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული შემთხვევაა“.

სწავლულები ამბობენ, რომ ისინი კარგად იცნობენ იმავე პერიოდის ქართულ ნაგებობებს, რომლებიც ათობით კმ დაშორებით, უფრო აღმოსავლეთით და ასევე იერუსალიმსა და მის შემოგარენში მდებარეობს, მაგრამ ისრაელის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ასეთი აღმოჩენები მანამდე არ გაკეთებულა.

ისრაელის სიძველეთა სამმართველო წერს:

აღსანიშნავია, რომ V საუკუნეში მცხოვრებმა ქართველმა პეტრე იბერმა ბეთლემში პირველი ქართული მონასტერი დააარსა. არქეოლოგებს სიმბოლიურად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ქართული ტაძრისა თუ მონასტრის ნანგრევები სწორედ ქალაქ აშდოდის მახლობლადაა აღმოჩენილი, სადაც ამ დროისათვის ქართველ ებრაელთა მსოფლიოს უმსხვილესი თემი ცხოვრობს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები