საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზამთრის სეზონზე ძლიერი ყინვა მოსალოდნელი არ არის

29.11.17 20:15


ზამთრის პერიოდში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, ან ნორმაზე მაღალი იქნება, - საქართველოს ტერიტორიაზე 2017-2018 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის კლიმატური პროგნოზის (SEECOF-18) და ხმელთაშუა ზღვის კლიმატური პროგნოზის (MedCOF) ფორუმებზე მონაწილე ევროპელი ექსპერტების დასკვნით, 2017-2018 წლების ზამთრის პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. ამის გამო, საკმაოდ მაღალი ალბათობითაა (80%) ნავარაუდევი, რომ აღნიშულ რეგიონებში, მომავალი ზამთრის პერიოდში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, ან ნორმაზე მაღალი იქნება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, საქართველოში მომავალი ზამთრის საშუალო ტემპერატურა სეზონის პირველ ნახევარში ნორმაზე 10C-ით თბილი, ხოლო მეორე ნახევარში ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი (ზამთრის სეზონის საშუალო ტემპერატურის ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5.7, მთაში +0.2, მაღალ მთაში -4.4, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1.5, მთაში -1.4 , მაღალ მთაში -5.50C-ს შეადგენს).

„სეზონის ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია მნიშვნელოვნად გადაიხაროს ნორმიდან, რის პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი“, - აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები