ეკონომიკა

იანოშ ჰერმანი - საქართველოს კარგი მდებარეობა აქვს, რომ გამოიყენოს ევროკავშირთან ასოცირება

05.05.16 17:10


ევროკავშირი არის ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა სასტუმრო „ქორტიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც ბიზნესკონფერენცია „ევროპული კომპანიები საქართველოში - მზარდი ვაჭრობა და ინვესტიციები“ მიმდინარეობს.

„ინვესტიციები ერთი სფეროა, ვაჭრობა კი - მეორე. როგორც ვხედავთ, მას შემდეგ რაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა, 2 წლის შემდეგ ევროკავშირი ახლა არის ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში. ასვეე იგი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. როდესაც მე ვამბობ ევროკავშირს, ვგულისხმობ მის 28 წევრ ქვეყანას. ველოდები, რომ ეს ღონისძიება მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფასოთ თუ რა ხდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კუთხით და დავინახოთ პერსპექტივა“, - განაცხადა ჰერმანმა.

მისივე თქმით, პირველი სექტორი, რომელშიც ვაჭრობის ხელშეწყობა იზრდება, არის სოფლის მეურნეობა.

„უფრო და უფრო მეტ ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ექნება და უკვე აქვს ევროპულ ბაზარზე წვდომა ტარიფების გარეშე. ეს პროცესი გაიზრდება. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი თანდათან გავრცელდება ეკონომიკის სხვა სექტორებზეც. ვფიქრობ, ეს შედეგები არის იმედის მომცემი. ჩვენ ამ შედეგებს განვილხავთ, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ განვიხილოთ ის საკითხი, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევები იყოს უფრო მყარი. არის ქართული პროდუქცია, რომელიც მაგალითად შვედეთის ან გერმანიის სუპერმარკეტებში გამოჩნდა. ეს წარმატების მაგალითებია. ჩვენ ვისურვებდით, რომ გაიზარდოს მსგავსი შემთხვევები. ვფიქრობ, საქართველოს კარგი მდებარეობა აქვს, რათა გამოიყენოს ევროკავშირთან ასოცირება და გაზარდოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ევროკავშირში ექსპორტი მოითხოვს უფრო მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მიღწევას. ეს მხოლოდ ევროკავშირის გამო არ არის ასე. თუ ქართული პროდუქტი იქნება სერთიფიცირებული იმისთვის, რომ გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, მას უფრო კარგად მიიღებენ სხვა ქვეყნებშიც. ამიტომაც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობით შეგვიძლია უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ქართველ ექსპორტიორებს მსოფლიო მასშტაბითაც“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები