პოლიტიკა

დღეს ახალქალაქის საკრებულომ, შესაძლოა, სომეხთა გენოციდი აღიაროს

11.12.17 15:25


ახალქალაქის საკრებულოს ოპოზიცია სომეხთა გენოციდის აღიარებას ითხოვს. ინიციატორი "პატრიოტთა ალიანსია" და როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, ყოფილი "ნაციონალი" პარლამენტარი სამველ პეტროსიანი აცხადებს, არაფერი უდგას წინ, რომ სომხებით დასახლებულ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება მოხდეს.

ოფიციალური განცხადება 5 დეპუტატის ხელმოწერით ახალქალაქის საკრებულოში უკვე ოფიციალურადაა შეტანილი, რომ უახლოეს სხდომაზე მოხდეს საკითხის განხილვა, გენოციდის აღიარება და დაგმობა, პარლამენტში კი ამ საკითხის წინ წამოწევისთვის აქტიურობა დაიწყოს.

განცხადებას ირმა ინაშვილის პარტიის 5 დეპუტატი აწერს ხელს.

ახალქალაქის საკრებულოში 38 დეპუტატია და მათგან 31 ეთნიკურად სომეხია. ამიტომაც პეტროსიანს იმედი აქვს, რომ მხარდაჭერას მოიპოვებს.

როგორც ადგილობრივი ჟურნალისტი რიმა ღარიბიანი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, გულის სიღრმეში ყველა ეთნიკურად სომეხი დეპუტატი მიიჩნევს, რომ გენოციდის აღიარება უნდა მოხდეს, თუმცა საჯაროდ რამდენად დაუჭერენ მხარს ამ წინადადებას, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია და ამას არა რიგითი დეპუტატები, არამედ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს. საკრებულოში 31 წევრი "ქართული ოცნებიდანაა" და გადამწყვეტი ხმაც მათ აქვთ.

რიმა ღარიბიანი იმასაც ამბობს, რომ განცხადების ავტორთა სურვილია, დღეს, შაბათს, მოხდეს ამ საკითხის განხილვა და მაშინ გამოჩნდება, ვის რა რეაქცია ექნება. მისი თქმით, ბოლო დღეებია, საკრებულოში ბიუჯეტს განიხილავენ, თუმცა შაბათს შეიკრიბებიან თუ არა დეპუტატები, არ არის ცნობილი. ჟურნალისტი, ასევე, დასძენს, რომ ადრეც ყოფილა ამ საკითხის სხდომაზე გატანის მცდელობა, მაგრამ არც ერთხელ არ განხილულა.

როგორც განცხადების ინიციატორები აღნიშნავენ, 9 დეკემბერი გაეროს მიერ გენოციდის მსხვერპლთა და მსგავსი დანაშაულის თავიდან აცილების საერთაშორისო დღედაა აღიარებული და სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს გენოციდის აღიარების საკითხი.

სამველ პეტროსიანის თქმით, საქართველოს პარლამენტშიც კი დეპუტატების უმრავლესობა მზადაა, სომეხთა გენოციდი აღიაროს, ისინი გულის სიღრმეში თანაუგრძნობენ სომეხ ხალხს, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო ეს ვერ ხდება.

"საიდუმლო არ არის, რომ ანკარა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა.

ამიტომ თუკი დღეს ამ ფაქტის აღიარებისთვის თბილისი სახელმწიფო დონეზე ჯერ მზად არ არის, არაფერი უშლის ხელს, სომხებით დასახლებულ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში, მოხდეს ეს აღიარება", - "სპუტნიკთან" საუბარში აცხადებს პეტროსიანი.

ირმა ინაშვილის პარტიის 5-მა დეპუტატმა ოფიციალური განცხადება საკრებულოში 1-ელ დეკემბერს შეიტანა. განცხადების ხელმომწერები არიან: ზაქარ ზაქარიანი, სამველ პეტროსიანი, გენადი ელიზბარიანი, სიმონ მანანიანი და სარგის უზუნიანი.

განცხადებაში წერია: 9 დეკემბერს წუთიერი დუმილით პატივი მიეგოს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას ყველა ერის წინააღმდეგ, რომლის მიმართაც დანაშაული იყო ჩადენილი;

მოხდეს ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების გენოციდის აღიარება და დაგმობა; ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, სხვა მრავალი განვითარებული ქვეყნის მსგავსად, სომეხთა გენოციდი აღიაროს და დაგმოს და ასევე ეთხოვოს პარლამენტის წევრსა და ჯავახეთის მაჟორიტარ დეპუტატს, აღიაროს და დაგმოს სომეხთა გენოციდი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პეტროსიანსა და მის კოლეგებს იმედი აქვთ, რომ გენოციდის აღიარების საკითხი საქართველოში ადგილიდან დაიძვრება და მალე თბილისიც განიხილავს მას, რადგან მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი 20-მდე ქვეყანამ უკვე აღიარა.

სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი მიიჩნევა, როდესაც ოსმალეთის ხელისუფლებამ 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 500 000-დან 1 მილიონამდე მერყეობს.

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას თქმით, რას გადაწყვეტს ახალქალაქის საკრებულო, იმის გამომხატველი იქნება, რა პოზიცია აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას.

"ასეთი საკითხები ადგილობრივი მმართველობის გადასაწყვეტი არ არის, მით უმეტეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ეს რომ საფრანგეთი ან გერმანია იყოს, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ძალიან დიდი უფლებები აქვთ და ფედერალური მმართველობის სისტემაა, მაშინ კიდევ გასაგები იქნებოდა და გაგვიგია კიდეც, რომ, მაგალითად, აშშ-ში რამდენიმე შტატმა აღიარა ეს, მაგრამ ჩვენ ხომ ასეთი დემოკრატიული მმართველობა არ გვაქვს და ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურის თანხმობის გარეშე არაფერს აკეთებს.

"ჯერჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა და რამდენად მოხდება, არ ვიცი. არ მგონია, რომ ეს ცენტრალურ ხელისუფლებას დიდად მოეწონოს. მოხდება თუ არა აღიარება, ალბათ იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეხედავს ამას ხელისუფლება. თუ შეხედავს როგორც პრობლემას, მაშინ განხილვა არც მოხდება, ხოლო თუ, პირიქით, მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი საკითხი არ არის და წაუყრუებენ, მაშინ, თეორიულად, შესაძლებელია. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია როგორი იქნება, რადგან მათ ზემოქმედების გარკვეული ბერკეტები აქვთ, თუ ამ საკითხის გაჩერებას ან გადავადებას მაინც მოინდომებენ," - აღნიშნავს კაკაჩია.

მისი თქმით, ეს ძალიან დელიკატური საკითხია და, წესით, ხელისუფლება ყოველნაირად თავს შეიკავებს, რომ ასეთი რადიკალური ნაბიჯი გადაიდგას.

"ამან შესაძლოა, ურთიერთობა გაართულოს სხვა მეზობლებთან და საქართველო ყოველთვის თავს არიდებს სომხურ-თურქულ-აზებაიჯანულ კონფლიქტში ჩართვას. დღეს თუ ასეთი კოჭი გაუგორეს და ეს პრეცედენტი იქნება, ხვალ კიდევ სხვა რაღაცას მოითხოვენ. თუ ეს პრეცედენტი იქნება, თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, ეთნიკურ ნიადაგზე მობილიზაციას და ნაციონალიზმის წინ წამოწევას კარგი არასოდეს მოუტანია," - დასძენს კაკაჩია.




წყარო : /www.resonancedaily.com/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები