საზოგადოება

საქართველოში ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი იხსნება

24.06.16 16:00


საქართველოში 24-26 ივნისს ევროპის თმის კვლევის საზოგადოების მე-17 კონგრესი გაიმართება (EHRS 2016).

სამედიცინო კონგრესი წლის მთავარი მოვლენაა ტრიქოლოგიაში (მეცნიერება თმის შესახებ). კონგრესი საქართველოში პირველად ტარდება, ნათქვამია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტები, კერძოდ, ტრიქობიოლოგები, ფარმაკოლოგები, ტრანსპლანტოლოგები, ასევე ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

სამედიცინო კონგრესის მიზანს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ქართველი და ევროპელი ექიმების ერთ სივრცეში გაერთიანება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თმის ბიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებს.

ექსპერტები წარმოადგენენ თავისი კვლევის შედეგებს, გააზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და განიხილავენ ახალ მიმართულებებს ტრიქოლოგიაში.

ევროპის თმის კვლევის საზოგადოება (EHRS) — 1989 წელს დაარსდა ბრიუსელში. კონგრესი ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. ეს არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ტრიქოლოგებს, დერმატოლოგებს, ოჯახის ექიმებს, ბიოლოგებს, ტრანსპლანტოლოგებსა და სხვა პროფილის ექიმებს.

წლევანდელი კონგრესის დევიზია „ვაფართოებთ საზღვრებს“, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ინფორმაციების გაცვლისთვის მზადყოფნას ასახავს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები