ეკონომიკა

საქართველოში ახალი ჰესი აშენდება

15.12.17 18:45


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალი სადგური მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში აშენდება.

ამის შესახებ მინისტრმა ბოდორნას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალზე მონაწილეობისას განაცხადა.

„ჰესის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით: ეს არის ახალი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ. საბოლოო ჯამში კი ბოდორნაჰესი უწყვეტად უზრუნველყოფს იმ სათავო ნაგებობების ელექტრომომარაგებას, რომლებიც დედაქალაქს სასმელი წყლით ამარაგებენ“.- განაცხადა ქუმსიშვილმა.

ბოდორნაჰესს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აშენებს. კომპანია ე.წ „მწვანე“ ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის 10 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. პროექტის განხორციელების პროცესში 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ბოდორნაჰესის ელექტრო-მექანიკურ ტურბინებს და გენერატორს ავსტრიული კომპანია GUGLER-ი დაამზადებს, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. რაც შეეხება სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებს, მათ ქართული კომპანიები ,,პირამიდა“ და „საქ. წყალ პროექტი“ განახორციელებენ. მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ,,Stucky SA” გაუწევს ზედამხედველობას. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჰესის მშენებლობას ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG)მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით აფინანსებს.

ახალი „მწვანე“ ჰესის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრულდება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთვება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები