პოლიტიკა

ქართული სასამართლო სააკაშვილს განაჩენს 22 დეკემბერს გამუტანს

15.12.17 21:00


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პარტია ხელმოწერებს ავლაბრის მეტროსთან და ბუკიას ბაღთან აგროვებდა. თბილისის გარდა ხელმოწერების შეგროვება დიდ ქალაქებშიც დაიწყება.

ხელმოწერები გროვდება პარტიის ვებ-გვერდზეც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელმოწერების შეგროვების კამპანია ფართომასშტაბიანი იქნება, მოიცავს ყველა ქალაქს და ყველა რაიონულ ცენტრს.

„ჩვენი მთავარი მოკავშირე იქნება ქართველი ხალხი და ჩვენი თანამოქალაქეები, რომელსაც კარგად ესმის, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებას ნიშნავს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები და მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ეს ესმოდეთ. ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდის, ამ ადამიანების მობილიზაცია მოხდება და მათი ხელმოწერები შეგროვდება“, - აცხადებს ხატია დეკანოიძემ.

სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ „პოლიტიკური დევნის“ შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს, დასასრულს უახლოვდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. სააკაშვილის ტაქტიკურ ნაბიჯს - ადვოკატების აცილებას, რომელიც სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ემსახურებოდა, ასევე ტაქტიკური ნაბიჯით უპასუხა ბრალდების მხარემ.

მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. ყოფილი პრეზიდენტის ინტერესებს სოფიო გოგლიჩიძე დაიცავს, რომელიც დაცვის მხარის რანგში გირგვლიანის საქმეზე იქნება წარმოდგენილი. ადვოკატმა საქმის მასალებისა და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად 1 თვე მოითხოვა. ბრალდების მხარე თვლიდა, რომ დაცვის მხარეს გონივრულ ვადად ერთი კვირა უნდა განსაზღვროდა, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის განცხადება და მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს ჩანიშნა, სადაც სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინოს.

მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან კომუნიკაციის დამყარებას ეცდება. როგორც სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, საქმე მას გუშინ დაეწერა და შესაბამისად, ვერ მოახერხა რაიმე სახის კომუნიკაციის დამყარება ვერც მისი დაცვის ქვეშ მყოფთან და ვერ სააკაშვილის ყოფილ ადვოკატებთან.

„მაქსიმალურად შევეცდები, რომ მოხდეს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან. დავუკავშირდები ოჯახის წევრებს. ვისთანაც მექნება შესაძლებლობა, მაქსიმუმს გავაკეთებ. საქმესთან ჯერ შეხება არ მაქვს. რამდენად შესაძლებელია, რომ ერთკვირიან ვადაში ჩავეტიო, რათა სრულყოფილად განვახორციელო დაცვა. თუ ვერ ჩავეტევი ამ ვადაში, ისევ მოვითხოვ სხდომის გადადებას“, - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

გირგვლიანის საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ეყრდნობა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. მისი თქმით, ადვოკატი უნდა გაეცნოს დაახლოებით 22 ჩვენებას და 2-საათიან ვიდეოსიუჟეტებს.

ამისთვის მის მიერ 30 დღიანი ვადის მოთხოვნა იყო ძალიან ზედმეტი, ვინაიდან სასამართლო განხილვები მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით და შესაბამისად, ბრალდების მხარეს ერთ კვირიანი ვადა განესაზღვრა დასკვნითი სიტყვის წარმოსათქმელად.

„ვინაიდან ბრალდების მხარე ჩაეტია ერთ კვირიან ვადაში, ასევე უნდა ჩაეტიოს დაცვის მხარე.

დაცვის მხარის ტაქტიკის მონაწილე შესაძლოა, პირდაპირ არაა ახალი ადვოკატი, მაგრამ ის დაიცავს დასაცავის ინტერესებს და გაიზიარებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ტაქტიკას.

ბრალდებულის ტაქტიკაა, პროცესების გაჭიანურება“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ პროკურორს და მოსამართლეს აქვთ კონკრეტული დავალება და მიზანი, რომ წლის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილს გამოუტანონ გამამტყუნებელი განაჩენი. სწორედ პროცესის დროულად დასრულებას უკავშირებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ვიზიტს მინსკში. სააკაშვილის პარტიის წევრები აცხადებენ, რომ გომელაური უკრიანის ხელისუფლებასთნ მინსკში საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს მიხეილ სააკაშვილის დაჩქარებული წესით ექსტრადირებაზე.

„საქართველოს ხელისუფლება, როგორც ვატყობ, ძალიან საღად აფასებს, რაც იშვიათია, შექმნილ ვითარებას და მას, რა თქმა უნდა, არ უნდა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში, ვინაიდან იცის, რომ ეს იქნება ძალიან დიდი და უზარმაზარი პრობლემების შემქმნელი, ვინაიდან ყველა დარწმუნდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

არ არის გამორიცხული, რომ არის დიდი ზეწოლა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლება არის, ამ შემთხვევაში, დაბნეული და არ არის გამორიცხული ის მართავდეს მოლაპარაკებებს. უკრაინის ხელისუფლება ფორსირებულ სასამართლო პროცესებს აწარმოებს, საქართველოშიც ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესები ასევე დაჩქარებულად მიდის. რაღაც შეთანხმება რომ არის ერთმანეთთან ეს არის ფაქტი“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მმართველ გუნდს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი, რომლის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩართული არის პოლიტიკურ დევნაში.

„ხელისუფლებას აქვს წამოწყებული სწორედ ეს დევნა და როგორც ჩანს, ქართული ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ რეჟიმი, რომელიც ახორციელებს დევნას, განწირული არის დამარცხებისთვის“, - ამბობს სერგო რატიანი.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუს-ის უფროსი ბელორუსში, უკრაინულ მხარესთან მიხეილ სააკაშვილის დაჩქარებული ექსტრადირებისთვის საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს, კონსპირაციის თეორიას უწოდებს საპარლამენტო უმრავლესბის წევრი, ეკა ბესელია, რომლის შეფასებით, ასეთ კონსპირაციის თეორიებს სერიოზულად არ იხილავს.

„ბატონი გომელაურის ვიზიტი არის სრულიად სხვა შინაარსის. ვის შეიძლება აინტერესებდეს ბატონი მიხეილ სააკაშვილის პერსონა და ფაქტორი?! - იგი მხოლოდ და მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის არის საინტერესო იმიტომ, რომ მართლმსაჯულებას აქვს თავისი დღის წერიგი. ის თავისი გზით მიდის და ვერც სასამართლოები ვერ გადაიდება, ვერც პროცესი გაჩრედება და ვერც მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს ვერ იტყვის ვერც ერთი სახელმწიფო“, - აცხადებს ეკა ბესელია.




წყარო : /www.for.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები