ანალიტიკა

რამდენიმე ეპიზოდი ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიიდან (ნაწილი VII)

25.12.17 16:15


ამ საარქივო მასალის გაგრძელება არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფ. კიტა მაჩაბელის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი მეცნიერებათა განყოფილების 1960 წლის 27 მაისის სხდომის ოქმის ჩანაწერი.

სხდომა ჩატარებულა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სხდომათა დარბაზში.

დღის წესრიგი: აკად. გ. ჩუბინაშვილის წიგნის «Разыскания по армянской архитектуре» განხილვა.

სხდომას ესწრებიან: აკადემიკოსები აკაკი შანიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ილია აბულაძე, გიორგი წერეთელი, ვახტანგ ბერიძე, პროფესორები ვარლამ დონდუა, ირაკლი ციციშვილი, პარმენ ზაქარაია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების წევრები, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლები.

სხდომის თავმჯდომარე აკად. ა. ბოჭორიშვილი

თავმჯდომარე სიტყვას მოხსენებისთვის აძლევს აკად. გიორგი ჩუბინაშვილს
მოისმინეს გ. ჩუბინაშვილის შესავალი სიტყვა.

მომხსენებელმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ამ განხილვაზე არ გამოცხადდნენ ისინი, ვინც თავის დროზე გამოდიოდა გ. ჩუბინაშვილის წიგნის “Разыскания по армянской архитектуре» გამოქვეყნების წინააღმდეგ. ეს გარემოება არ აძლევს საშუალებას მომხსენებელს მოისმინოს ოპონენტების მოსაზრებები და შენიშვნები და პასუხი გასცეს მათ. მომხსენებელი აცნობს საზოგადოებას ამ გამოკვლევის შექმნის ისტორიას.

(გ. ჩუბინაშვილის გამოსვლა იბეჭდება შემოკლებით).

გ. ჩუბინაშვილი კითხულობს წიგნის შესავალს, რომელშიც მოთხრობილია სომხური არქიტექტურის ძეგლების კვლევაზე მუშაობის დაწყება აკად. ნ. მარის ხელმძღვანელობით. ეს მოხდა ნ. მარის მიერ წარმოებული ქალაქ ანისის არქეოლოგიური გათხრების დროს (1915–1916 წწ.), რომლებშიც გ. ჩუბინაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. სწორედ ანისის არქიტექტურული ძეგლების გაცნობამ მისცა დასაბამი სომხური არქიტექტურის კვლევას, რადგან ნათელი გახდა როგორც სომხური, ასევე ქართული არქიტექტურის ეროვნული თავისთავადობის გამოვლენის აუცილებლობა.

მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ნ. მარის დამსახურებას, რომელმაც ახალი მიზანდასახულობით შექმნა მტკიცედ ჩამოყალიბებული სისტემა სომხური ხელოვნების შესასწავლად ადრექრისტიანული ხანიდან მოყოლებული, ვიდრე განვითარებულ შუა საუკუნეებამდე.

მომხსენებელმა აღნიშნა აგრეთვე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ვენის პროფესორის იოსეფ სტრიგოვსკის ორტომიან ნაშრომს Die Baukunst der Armenien und Europa (Wien, 1918), რომელიც თბილისში 20–იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. ამ ნაშრომმა ბიძგი მისცა მეცნიერს გაეგრძელებინა მუშაობა ქართული და სომხური არქიტექტურის ეროვნული თავისთავადობისა და თავისებურებების გამოსავლენად. ამასთანავე, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აუცილებელი იყო ყოველ ნაციონალურ არქიტექტურაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დადგენა.

მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 1924 წელს თბილისის უნივერსიტეტის მიერ სომხეთში მოწყობილ ექსპედიციას არქიტექტურის ძეგლების შესასწავლად. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ არქიტექტორი ნ. სევეროვი, პროფესორები აკ. შანიძე და ლ. მელიქსეთ–ბეგი.

ამ ექსპედიციაში და შემდგომშიც სომხური არქიტექტურის ძეგლების არაერთი მონახულების შედეგად მოპოვებული მასალები დაედო საფუძვლად გამოკვლევას შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურის შესახებ.

გ. ჩუბინაშვილმა გააცნო საზოგადოებას წიგნის სტრუქტურა, რომლის მიხედვით იყო აგებული მისი გამოსვლა. მოკლედ იყო წარმოდგენილი წიგნის ყოველ თავში განხილული ძირითადი პრობლემები და სომხური არქიტექტურის ძეგლთა ჯგუფების კვლევაზე დაფუძნებული დასკვნები.

წიგნის პირველი თავი ეძღვნება ე. წ. „ჯვრის ტიპის ძეგლებს“ (Памятники типа Джвари). ეს საკითხები უკვე წარმოდგენილი იყო გ. ჩუბინაშვილის მიერ 1948 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში („Памятники типа Джвари», Тбилиси), ისე რომ აქამდე, უკვე თითქმის ოცი წლის განმავლობაში ოპონენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წამოეყენებინათ საწინააღმდეგო დებულებები.

ამ ტიპის ძეგლთა შორის დასახელებულია ხუთი–ექვსი ეკლესია: ავანი, რომელიც ზუსტად თარიღდება კათალიკოს იოანე ბაგარანელის ეპოქით (594–609), VI საუკუნის ბოლოთი და VII საუკუნის პირველი ათწლეულით; არამუსი (ისტორიული მონაცემების მიხედვით მიეკუთვნება VIII საუკუნის მეორე მეოთხედს); წმ. რიფსიმეს ეკლესია ვაღარშაჰატში და სხვ. გ. ჩუბინაშვილმა მოიყვანა ციტატა კ. ღაფადარიანის კრიტიკული გამონათქვამიდან, რომელშიც იგი ქება–დიდებას ასხამს რიფსიმეს ეკლესიას, როგორც სრულყოფილ მხატვრულ ნაწარმოებს და გამოთქვამს საყვედურს, რომ მის ნაშრომში „... ვერ მოინახა თბილი სიტყვები ისეთი შედევრებისათვის, როგორიც არის რიფსიმე და არუჭი“. ამასთან დაკავშირებით ბ–ნ გიორგის მოჰყავს გეგმარებისა და კონსტრუქციების დეტალების მთელი რიგი (კუთხეების უსწორო ფორმა, კუთხის სათავსოების კარების სიმრუდე, ნიშის ჩრდ. და სამხრ. შვერილების უზუსტობანი და სხვ.), რაც არ იძლევა ამ ეკლესიის შედევრად გამოცხადების საშუალებას.

ყველა ელემენტი იმაზე მიუთითებს, რომ ნაგებობა არ შეიძლება მივიჩნიოთ VII საუკუნის ქმნილებად.

შემდეგ მომხსენებელი იძლევა ადრეული სომხური ძეგლების ღრმა კვლევის საფუძველზე დადგენილ მათ ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას: ავანი – VII ს., არამუსი – VIII ს., რიფსიმე – IX ს., თარგმანჩანც–ვანქი – X ს.

აქვე მოყვანილია ა. ერემიანის ნაშრომი რიფსიმეს ეკლესიის შესახებ (1955), სადაც გ. ჩუბინაშვილის მიერ რიფსიმესა და სხვა სომხური ეკლესიების კვლევის შედეგები გამოცხადებულია „სუბიექტურ მოსაზრებად, რომელსაც არავითარი სამეცნიერო ღირებულება არ გააჩნია“.

წიგნის II თავი („Храмы о четырех свободностоящих подкупольных столбах») ეძღვნება საკითხს, რომელიც განხილული იყო 30–იან წლებში გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულ ნაშრომში VII საუკუნის დასაწყისის წრომის ტაძრის შესახებ. აქ განხილულია გაიანეს ეკლესია ვაღარშაჰატში (630–636 წწ.), წმ. იოანეს ეკლესია ბაღავანში (631–639 წწ.), მრენის (მშენებლობა დაიწყო 640 წ.) და ოძუნის (თარიღდება სომხეთის კათალიკოსის იოანეს მოღვაწეობით, 717–728 წწ.) ტაძრები. სამივე ეკლესია აიგო მართლმადიდებელი კათალიკოსების მიერ, რითაც შეიძლება აიხსნას ქართული ეკლესიების გარკვეული მიბაძვის ცდა, რაც განსაკუთრებით საგრძნობია ოძუნში, ისტორიული წყაროების მონაცემებისა და ტაძარზე ადრე არსებული წარწერის (728 წ.) მიუხედავად, სომეხი ავტორები ოძუნს VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევენ.

III და IV თავებში («Малые купольные церкви» და «Декоративное убранство рассмотренных купольных церквей») განხილულია ე. წ. Libre–ის ტიპის სომხური ეკლესიების არქიტექტურული თავისებურებანი და მათი დეკორატიული გადაწყვეტა.

მომხსენებელი მიუღებლად მიიჩნევს სომეხი მკვლევრების შემოთავაზებულ თარიღს – VII საუკუნეს და არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე ათარიღებს მათ ნაწილს VIII–IX საუკუნეებით, ზოგიერს ძეგლს კი X საუკუნითაც. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა თალინის მცირე ეკლესიის თარიღთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას, რაც ეფუძნება ტაძარზე მოთავსებული ნერსეს კამსარაკანის სამშენებლო წარწერის განსხვავებულ ინტერპრეტაციას (მკვლევართა ნაწილი მას VII საუკუნის დასაწყისით ათარიღებს, ნაწილი კი VIII საუკუნის დასასრულით). მომხსენებელი უფრო მოგვიანო თარიღს ემხრობა, რადგან არქიტექტურული ფორმების კვლევით ეკლესიაში გარკვეული ბაროკული ნიშნების არსებობა დადგინდა.

გაკრიტიკებულია ა. ერემიანის მიერ სამშენებლო წარწერის უმართებულო გამოყენება და წარწერის ი. ორბელისეული ინტერპრეტაციის უგულებელყოფა.

V თავი («Церкви типа купольной залы») მიეძღვნა Kuppelhalle-ს ტიპის სომხური ძეგლების – შირაკავანის (მეფე სმბატ I–ის აგებული IX საუკუნის ბოლო წლებში), არუჭისა (X ს.) და პტღნის არქიტექტურული ფორმების კვლევას. დადგინდა ამ სამი ძეგლის არქიტექტურული ფორმების ურთიერთკავშირი, მათი ევოლუციის ეტაპები. სწორედ არქიტექტურული ფორმების ღრმა ანალიზმა ცხადყო სომეხი მკვლევრების დასკვნების უსაფუძვლობა, რომელთა მიხედვით ეს ძეგლები მოწყვეტილია ერთმანეთს (არუჭი, პტღნტი– VII ს., შირაკავანი – IX ს.). ამასთან დაკავშირებით გ. ჩუბინაშვილს მოჰყავს 1928 წელს „Byzanrinische Zeitschrift”)–ში გამოქვეყნებული თავისი ნაშრომი სომხური Kuppelhalle–ს შესახებ. მომხსენებელი საგანგებოდ ჩერდება ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის შრომებში 1946 წელს დაბეჭდილი ვ. არუთუნიანის წერილზე, რომელშიც ძეგლის დათარიღება ხდება მხოლოდ წარწერის საფუძველზე და არა არქიტექტურული ფორმების კვლევის შედეგად. ამასთანავე, აღინიშნა, რომ ავტორს ამ შემთხვევაშიც ყურადღების მიღმა დარჩა ი. ორბელის მიერ არუჭის წარწერის თარიღის განსაზღვრა X–XI საუკუნეებით და არა VII საუკუნით, როგორც ეს მას სურს. გ. ჩუბინაშვილმა თავისი პოზიცია გამოხატა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბეში დაბეჭდილ წერილში „Еще к вопросу о датировке Аручского храма в Армении» (ტ. VII, № 8, 1946), სადაც მკაფიოდ აჩვენა, რომ მხატვრული ნაწარმოების დათარიღებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ისტორიულ წყაროებს, არამედ ძეგლის მხატვრულ–სტილურ ანალიზს.

VI თავში («Большой храм в Талине») მოცემულია თალინის ეკლესიის (X ს. შუა წლები) არქიტექტურული ანალიზი. ერთ–ერთი დამთარიღებელი მომენტია ტრომპების ნაცვლად აფრების გამოყენება. სომეხ მკვლევრებს ადრეული თარიღის დასასაბუთებლად მოჰყავდათ ზვარტნოცი, VII საუკუნის ჭეშმარიტი ქმნილება, სადაც თითქოს უკვე უნდა გამოყენებული ყოფილიყო აფრების სისტემა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ს. მნაცაკანიანმა ზვარტნოცში ტრომპის ფრაგმენტი აღმოაჩინა, ეს არგუმენტი აღარ არსებობს და გ. ჩუბინაშვილის დებულება მტკიცედ დადასტურდა.

VII თავში («Купольные квадраты с опорными по осям нишами») შევიდა შემდეგი ძეგლები“ მასტარა, არტიკი, ვოსკეპარი და სხვ.

VIII თავში («Тетраконхи и октогоны») შესულია სომხური ტეტრაკონქები (ზარინჯი) და ოქტოგონები (ირინდ – ედვარდ).

გამოსვლის დასკვნით ნაწილში გ. ჩუბინაშვილმა მოკლედ შეაჯამა თავისი გამოკვლევის შედეგები, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნაშრომის მიზანს: „ცალკეული ძეგლების ან ძეგლთა ჯგუფების – შეძლებისამებრ დეტალური და ილუსტრაციებით დოკუმენტირებული – განხილვის შედეგად სომხური არქიტექტურის განვითარების ძირითადი ხაზის დასახვა შუა საუკუნეების გარკვეული პერიოდის განმავლობაში“. აღინიშნა აგრეთვე ჩვენი მეზობელი ქვეყნის ხუროთმოძღვრების შესწავლის აუცილებლობა ეროვნული ხელოვნების კვლევისათვის.

თავმჯდომარე ა. ბოჭორიშვილი: სხდომის ძირითადი მიზანია ამ ნაშრომის შესახებ აზრთა გაცვლა და გაზიარება. მიუხედავად იმისა, რომ სომეხი ამხანაგები არ ესწრებიან სხდომას, ეს სრულებითაც არ ამცირებს დღევანდელი სხდომის მნიშვნელობას, რადგანაც ამ შემთხვევაში აუცილებელია ჭეშმარიტების მიღწევა. ბ–ნი გიორგის ნაშრომის შესახებ აზრის გამოთქმის მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა განხილვაში.

თავმჯდომარე სიტყვას აძლევს აკად. აკაკი შანიძეს

აკად. ა. შანიძე: როგორც მოხსენებაში ითქვა, სომხური არქიტექტურის შესწავლას საფუძველი ჩაეყარა 1924 წელს ჩვენი უნივერსიტეტის ექსპედიციით. გ. ჩუბინაშვილთან ერთად ექსპედიციაში ვმონაწილეობდით მე, ლ. მელიქსეთ–ბეგი და ნ. სევეროვი. მე მაინტერესებდა წარწერები და უმთავრესად ქართული წარწერები. იყო მეორე მხარეც – ალბანური დამწერლობის კვალის მიგნება. ალბანური არაფერი არ აღმოჩნდა. გადმოვიღე ყოშის წარწერა და სხვ. ბ–ნი გიორგი დიდი აღტაცებით შეუდგა სომხური არქიტექტურის შესწავლას. სომხური არქიტექტურის შესწავლა შეუძლებელია ქართული ისტორიის უცოდინრად და პირიქით. ასეთ ბედნიერ შეხამებას ვერ ვიპოვნიდით, თუ არა ბატონი გიორგი. წარწერა, როგორც აღნიშნა მომხსენებელმა, არ არის ძეგლის დათარიღების ამოსავალი წერტილი. გარდა ამისა, წარწერას სწორი წაკითხვა ესაჭიროება. კერძოდ, მოვიყვან რიფსიმეს ეკლესიაზე კათალიკოს კომიტასის წარწერას „მე, კომიტასი, წმინდა რიფსიმეს წინამძღვარი (მცველი), მოწვეულ ვიქმენ წმ. გრიგოლის კათედრაზე, აღვაშენე ტაძარი ამა წმიდათა მოწამეთა ქრისტესათა“. ამ წარწერის შესახებ არსებობს ი. ორბელის გამოკვლევა. პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნებით მკვლევარი გამორიცხავს ამ წარწერის დათარიღებას VII საუკუნით. იგი წარწერაში გარკვეულ შეუსაბამობას ხედავს. გამოდის, რომ კომიტასი იყო წმ. რიფსიმეს ეკლესიის „წინამძღვარი“ („მცველი“) («Настоятель, точнее, хранитель церкви») ეკლესიის აშენებამდე. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ლაპარაკია სხვა კომიტასზე და არა 618–628 წლების კათალიკოსზე (ი. ორბელი).
ბ–ნი გიორგის მოკლე მიმოხილვიდან კარგად ჩანს, რომ არის საკითხთა მთელი რიგი, რომლებიც ასე ადვილად არ გადაწყდება, როგორც ამას სომეხი ისტორიკოსები წყვეტენ.

უდიდესია ბ–ნი გიორგის მონაპოვარი ამ ძეგლების შესწავლაში და მიუხედავად სომეხი ამხანაგების ზოგიერთი მოსაზრებისა ეს ნაშრომი უნდა დაიბეჭდოს და ამის შემდეგ იმათ, ვისაც რაიმე აქვს საწინააღმდეგო, ბეჭდურად გასცენ პასუხი.





ბონდო არველაძე. (გაგრძელება იქნება)

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები