პოლიტიკა

“ნარკოპლიტიკასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთანაც ვიმსჯელებთ და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას”

12.01.18 22:00


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ პროცესებში ყველა მხარის და განსაკუთრებით საპატრიარქოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ყველას ერთი მიზანი აქვს, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მოხმარება შემცირდეს.

„ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც იქნება ჩართული ამ განხილვებში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ მოვუსმენთ ყველა მხარეს, ჩვენ მოვუსმენთ საპატრიარქოს და სწორედ ფართო ჩართულობით უზრუნველყოფილი განხილვის საფუძველზე, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით.

ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ვიმსჯელოთ ყველასთან, ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მიზანი აქვს ყველას ერთი – საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემცირება“, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები