ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს

18.01.18 15:15


ყოველწლიურად ჩინეთი 56 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იმ სახეობის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს, რომელთაც დღეს საქართველოში ტრადიციულად ვაწარმოებთ.

ამდენად, ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს. შარშან აღნიშნულმა მაჩვენებელმა 200 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც 2018 წლის 5-10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენა„China International Import Expo-ს| მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპოს გამართვის ინიციატივით 2017 წლის მაისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი პეკინში გამართულ „ერთი სარტყელი – ერთი გზის” ფორუმზე გამოვიდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოფენა წელს პირველად ჩატარდება და ყოველწლიურად გაიმართება. გამოფენის ოფიციალური მასპინძლები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო და შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობა. აღნიშნული გამოფენის მხარდაჭერები არიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია.

„ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ შარშან მაისში გაჟღერებული ინიციატივა დღეს უკვე რეალობად არის ქცეული და ჩვენ მიწვეული ვართ, როგორც საპატიო სტუმარი აღნიშნულ გამოფენაზე,” – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა. მისი თქმით, “შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი ექსპორტიორებისთვის. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩინეთი 10 ტრილიონი აშშ დოლარის საქონელსა და მომსახურებას შეიძენს.”

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ორმხრივი ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოველწლიურად დადებითი დინამიკით ხასიათდება. მისი თქმით, მხოლოდ 2017 წელს ვაჭრობის მაჩვენებელმა 24 პროცენტით მოიმატა. მათ შორის, საქართველომ ჩინეთში 7,6 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო გაყიდა.

პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო გაზრდის ქართული ბიზნესის შესაძლებლობებს ჩინეთის ბაზარზე.

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ასევე ითვალისწინებს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩინეთიდან ტურისტები შემოვიყვანოთ და მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ტურისტული კომპანიები მას აუცილებლად გამოიყენებენ,” – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, შარშან ჩინეთიდან 54 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა. „თუმცა ამ მაჩვენებლის გაზრდის შესაძლებლობა ძალიან დიდია”, – განაცხადა პირვსელმა ვიცეპრემიერმა.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები