პოლიტიკა

შეძლებს თუ არა კახა კალაძე, თავი დააღწიოს პოლიტიკურ ჭაობს

19.01.18 14:30


ხშირად ჩვენი დედაქალაქისთვის ახალი და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ხდება არაჯანსაღი აჟიოტაჟის საგანი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფალი არაფერს ეკითხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ისინი დაიქირავეს და ხელფასს უხდიან. ასევე იგნორირებულია ჩვენი, რიგითი თბილისელების, მთელი რიგი მოსაზრებები და წუხილი ქალაქისთვის ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიცაა: - საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ნარჩენების მართვა, ხმაური, ანტისანიტარია, საცობები, უხარისხო საჯარო სერვისები და სხვ.

ხელისუფალი დღემდის აპელირებას იმაზე აკეთებდა, რომ ესა თუ ის საკითხი ძალიან სპეციფიურია და ამიტომ მხოლოდ სპეციალისტებმა უნდა განიხილონ, მოამზადონ და სასწრაფო წესით უნდა დაამტკიცოს ის საკრებულომ, სადაც ასევე ამ საქმის არასპეციალისტები სხედან, ანუ საკრებულოში არჩეულმა არასპეციალისტებს თუ ვეკითხებით ჩვენ უბრალო მოკვდავნი არა ვართ ამის ღირსნი?

დედაქალაქის პრობლემებთან და თვითმმართველობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე პასუხის მისაღებად საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო თვითმმართველობის“ ხელმძღვანელს გოგი ლორთქიფანიძეს მივმართეთ.

- ახალი მერის და საკრებულოს არჩევნებიდან უკვე საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ პირველი შეფასებები გაკეთდეს მათი მუშაობის შესახებ.

- თბილისის ახალი მერი და საკრებულო ოფიციალურად 2017 წლის 14 ნოემბრიდან შეუდგნენ უფლებამოსილების განხორციელებას და ალბათ ნაადრევია ჯერ რაიმე შედეგებზე საუბარი, მაგრამ სიტუაციის განვითარების ტენდენციები უკვე აშკარა.

ბ-ნი კალაძის კარგად ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია და გამართული საპროგრამო თეზისები იძლეოდა საშუალებას გვევარაუდა, რომ პირველი დღიდან მოხდებოდა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და დანაპირების შესრულების დაწყება. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა და კახა კალაძეს და მისი გუნდს საკმაო დრო დაჭირდათ საარჩევნო კამპანიის რეჟიმიდან გამოსასვლელად. მიწისქვეშა გადასასვლელების გადაღებვა, სამშენებლო მოედნებზე წუთიერი გამოჩენა, მილანური საახალწლო განათება, ნაცებთან მუდმივი პოლემიკა და ხმამაღალი განცხადებები საარჩევნო კამპანიის ელემენტებია და არა ყოველდღიური რუტინა.

თბილისი ცოცხალი ორგანიზმია და მის გამართულ ფუნქციონირებას მყისიერი გადაწყვეტილებები ჭირდება. სატრანსპორტო კოლაფსი, ანტისანიტარია, კომუნალური სერვისების უხარისხობა, უსასრულო რიგები თბილისის მერიის ფოიეში, დაპაუზებული საჯარო მოხელეები, რომლებიც მომავალი საკადრო ცვლილებების მოლოდინის გამო ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს -აი ის ხილული თუ უხილავი პრობლემები რომლის წინაშე ვდგავართ თბილისის მოქალაქეები.

დღეის მდგომარეობით სახეზე გვაქვს მერიის საქალაქო სამსახურების სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელიც უდავოდ მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ამ რეორგანიზაციის შედეგად მოხდა მთელი რიგი საქალაქო სამსახურების ოპტიმალიზაცია და მივიღეთ ქალაქის მართვის გაცილებით უკეთესი მანქანა ვიდრე დღემდის გვქონდა.

- რამდენიმე დღის უკან ბ-ნმა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიაში თებერვლის ბოლოს რეორგანიზაციის პროცესი დასრულდება და ზუსტად გვეცოდინება, ვინ დარჩება და ვინ - წავა.

- თებერვლის ბოლომდე კიდევ დიდი დროა და ქალაქს არაა აქვს იმის ფუფუნება, რომ კიდევ თვენახევარი დაელოდოს შეშინებულ საჯარო მოხელეებს, რომელთვისაც ეხლა მთავარია ადგილის შენარჩუნება და არა მოქალაქეების და ქალაქის პრობლემების გადაწყვეტაზე ზრუნვა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი მიზნად ისახავს ძველი, ნარმანიას დროინდელი კადრების ახალი, კალაძის კადრებით ჩანაცვლებას და არც იურიდიულად არის გამართლებული და არც პოლიტიკურად. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საჯარო მოხელეებზე ძალადობა, მათ კანონი იცავს და აბსოლიტურად გაუმართლებელია კონკურსის წესით და ატესტაცია გავლილი თანამშრომლებისათვის ისევ გამოცდების მოწყობა. სამწუხაროდ ამ ასპექტში ბ-ნმა კალაძემ პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

- კალაძის ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მაქსიმალურად გაიზრდებოდა მოქალაქეების ჩართულობა თვითმმართველობის და მმართველობის საკითხებში და პროცესები გამჭირვალე იქნებოდა.

- სამწუხაროდ ამ მხრივ ჯერ-ჯერობით ვერაფერ სიახლეს ვერ ვხედავთ. ჩვენ ანუ სამოქალაქო საზოგადოებას არ გაგვაჩნია მთელი რიგი პრობლემების და საკითხების დროული გადაწყვეტის პირდაპირი იურიდიული და პოლიტიკური ბერკეტები, ხოლო ჩვენს მიერ არჩეული თვითმმართველობის ორგანოები არ იმსახურებენ ნდობას და თუ მათ ამ ნდობის მოპოვება უნდათ და ჭირდებათ, მაშინ შესაბამისი ნაბიჯებიც უნდა გადადგან, რაც პირველ რიგში იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ მოქალაქებს მიეცეთ საშუალება აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

ჩვენ გვქონდა მარტივი შეთავაზება თბილისის მერისთვის, რომ ამოქმედებულიყო ინტერაქტიური პროექტი: - „საქალაქო პლებისციტი“ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. არაფერია აქ რთული და გაუკეთებელი, არც ახალი იდეაა და კარგად გამოცდილი "ველოსიპედია", მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.

კეთდება აპლიკაცია, ტვირთავ მობილურში, რეგისტრირდები, ერთვები საკითხის განხილვაში და აძლევ ხმას რომელიმე პროექტის განხორციელებას ან არ განხორციელებას.

ეს იქნებოდა დემოკრატია ქმედებაში და თბილისელებს მიეცემოდათ საშუალება გამოეთქვათ თავიანთი აზრი ამა თუ იმ საქალაქო პროექტის განხორციელება არ განხორციელებაზე.

- დიდი ვნებათღელვებია ატეხილი „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ დამტკიცების ირგვლივ. როგორც ცნობილი გახდა, დოკუმენტის ავტორებს კიდევ 45 დღე მიეცათ ხარვეზების გამოსასწორებლად.

- ჩვენი ორგანიზაცია 6 თვეა, რაც მონიტორინგს უწევს ამ პროცესს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ წმიდა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი. ამ დოკუმენტში ერთმანეთს კვეთავს დაინტერესებული ჯგუფების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები.

- ეს არის სურვილებით, რეკომენდაციებითა და ძველი გენგემებიდან გადმოწერილი მასალით შეზავებული გარემოს რეგულირების გეგმა, რომელის რეალური მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალურ ზონები კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით.

ჩვენს რეალობაში ეს არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ( ბ-ნი ნარმანია) მიერ იქნა ინიცირებული და რომელსაც „ ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მათთან ასოცირებული პიროვნებები მხურვალედ უჭერენ მხარს. ეს კი იმითია განპირობებული, რომ რეალურად ეს არის ახალ გარსში შეფუთული ძველი გენგეგმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იქნა მიღებული და რომელშიც მაშინდელი მმართველი ძალის წარმომადგენლების პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები იყო გათვალისწინებული.

- ეს დოკუმენტი ქართველი სპეციალისტების, სხვადასხვა სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ექსპერტების სამართლიან კრიტიკას იმსახურებს, ისინი ცალსახად თანხმდებიან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი და რომ დაუშვებელია მისი დამტკიცება. იგივე პოზიცია აქვს მერიის არქიტექტურის სამსახურმის უფროსსაც, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხარვეზებიდან გამომდინარე, შეიძლება წარმოდგენილი დოკუმენტი საერთოდ არ დამტკიცდეს და შეწყდეს კონტრაქტორთან ხელშეკრულება.

რეალურად თბილისის ურბანული განვითარების უახლოესი 12 წლის პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე მიიღებს თუ არა ქალაქის მერი, კახა კალაძე, ამ სახით წარმოდგენილ „თბილისის მიწათსარგებლობის განახლების გენერალური გეგმას“ (მგგ).

ეს მისთვის პოლიტიკური გამოწვევაც არის და გამოცდაც. თუ ბ-ნი კალაძე მოახერხებს და დაასრულებს დედაქალაქის და მისი მოსახლეობის ინტერესების შემლახავ პროცესს, არ გადაუხვევს თავის პრინციპულ პოზიციას და არ დაამტკიცებს წარმოდგენილ დოკუმენტს ამ სახით, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის უკვე შედგა როგორც პოლიტიკოსი და მისი მუშაობა თბილისის მერის პოსტზე წარმატებული იქნება.

- მხოლოდ ეს გადაწყვეტილება იქნება საკმარისი, რომ ბ-ნი კალაძე წარმატებული მერი გახდება?

- არა რა თქმა უნდა, თუმცა კალაძეს როგორც წარმატებულ სპორტსმენს, ჩემგან არ ესწავლება, რომ როგორი სტარტიც ექნება ფინიშზეც ისე მივა.

ტაქსების ლიცენზირება; სამარშუტო მიკროავტობუსებისთვის მკაცრი რეგულაციები;

დისტრიბუციის მანქანებისთვის გადადგილების დროის განსაზღვრა; სატრანზიტო მოძრაობის წესების აუცილებელი დაცვა და გამკაცრება; ნაგვის მანქანების და სანაგვე ურნების რაოდენობის გაზრდა; პატრულის გაქტიურება; ფეხითმოსიარულების დარღვევების ადმინისტრირება.

თბილისელების კუთვნილი ქონების - ქ.თბილისის მერიის სს ”თელასში” 25%-იანი წილის - საპარტნიორო ფონდიდან დაბრუნების პროცესის ინიცირება;

კომუნალური სერვისების მომწოდებელი კომპანიების დავალდებულება გააფორმონ კოლექტიური ხელშეკრულება მოსახლეობასთან, სადაც გაწერილი იქნება მხარეების უფლება–ვალდებულებები.

ქალაქში არსებული სათამაშო (კაზინო, ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი) დაწესებულებებისათვის მოსაკრებელის ოდენობის მაქსიმალურად გაზრდა და ა.შ. და ა.შ.

აი, ამ ყველაფრის და კიდევ, მისივე საარჩევნო პროგრამით შემოთავაზებული პროექტების რეალიზება ცხოვრებაში იქნება გარანტია, რომ ბ-ნი კალაძე წარმატებული მერი იქნება და მის პოლიტიკურ მომავალს არაფერი დაემუქრება.

წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა თავისას იზამს და ჩვენ ყველანი ერთად (მათ შორის ბ-ნი კალაძეც) ისევ იმ ჭაობში აღმოვჩნდებით, საიდანაც ასე ძალიან გვინდა ამოსვლა და ნორმალური ცხოვრების დაწყება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები