პოლიტიკა

აღმოსავლეთ კარიბის ზღვის ქვეყნები ელექტრონული მმართველობის დანერგვისთვის საქართველოს ექსპერტულ დახმარებას სთხოვენ

19.01.18 20:15


საქართველოს იუსტიციის მინისტრი კარიბის ზღვის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წარმომადგენლებსა და წევრი ქვეყნების მინისტრებს შეხვდა.

შეხვედრაზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მინისტრს ელექტრონული მმართველობის დანერგვაში დახმარება სთხოვა. კერძოდ, 6 ქვეყნისგან შემდგარი დელეგაცია მალე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რათა ადგილზე გაეცნონ ელმმართველობისა და სერვისების გაცემის მოდელს. კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნები დაინტერესებულნი არიან ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობით და ქართული გამოცდილების ექსპორტით, რისთვისაც იუსტიციის მინისტრს სპეციალური ექსპერტის გამოყოფა და დახმარება სთხოვეს.

თეა წულუკიანმა ორგანიზაციის თავმჯდომარესა და მინისტრებს აცნობა, რომ საქართველო მოხარული იქნება, მათ ვიზიტს უმასპინძლოს.

“ჩვენ ვიზიტის პროგრამას თქვენი ინტრესების გათვალისწინებით შევადგენთ, ისე რომ, არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ სოფლებში სერვისების მიწოდების მოდელსაც გაეცნოთ”,- აღნიშნა მინისტრმა.

თეა წულუკიანმა, ასევე შესთავაზა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრებს გამოიყენონ ღია მმართველობის გლობალური სამიტი, რომელიც საქართველოში წელს გაიმართება და სხვა ქვეყნების გამოცდილების გასაცნობად სამიტს სპეციალური სტუმრების სტატუსით ეწვიონ.

შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა OECS -ს ქვეყნებს მადლობა გადაუხდა არაღიარების პოლიტიკასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„OECS”-ის ძირითადი საქმიანობა რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვა და კარგი მმართველობის ხელშეწყობაა. ის წარმოადგენს თანამშრომლობის პლატფორმას აღმოსავლეთ კარიბის აუზის ქვეყნებში საერთო პროექტების განხორციელებისა და კოორდინაციის კუთხითაც. ორგანიზაცია შემდეგ ქვეყნებს აერთიანებს: ანტიგუა და ბარბუდა, დომინიკის თანამეგობრობა, გრენადა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები; ხოლო ასოცირებულ წევრებს წარმოადგენენ ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები − ანგილა და მარტინიკი. ორგანიზაციის სამდივნო მდებარეობს ქ. კასტრიში (სენტ-ლუსია).

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში დღეს დასრულდება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები