პოლიტიკა

ილია ელოშვილი: ვერ დაასახელებთ ვერც ერთ პროექტს, რომელიც ჩვენი მმართველობის პირობებში გადაცდომით დამტკიცდა

22.01.18 18:00


ყველა ასეთი პრობლემატური პროექტი არის წლების განმავლობაში დაწყებული და მათ გააჩნიათ თავისი ისტორია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ატენის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხზე განაცხადა.

ელოშვილი აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვის გადახედვა ვერ მოხდება.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასულ წელს ე.წ. ზონალურმა საბჭომ გასცა. მოგვიანებით კი, როდესაც სასამართლომ ზონალური საბჭო დაავალდებულა ნებართვის გადახედვასთან დაკავშირებით, საბჭომ ხელმეორედ განხილვის შემდეგაც თქვა, რომ ნებართვა სწორად გაიცა.

ელოშვილის თქმით, შესაბამისად, დარჩა ფორმალური პროცედურები, რომლის დარღვევაც შეუძლებელია.

„არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება მერიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება იჩივლონ და ეცადონ ისევ სასამართლოს გზით გადაწყვიტონ ეს საკითხი. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ზონალურმა საბჭომ, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ პირველივე თვეებიდანვე, ხელახალი მსჯელობის შემდეგაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო. იმ პერიოდში ზონალური საბჭო იყო მოქმედი და ეს იყო საბჭო, რომლითაც მერია აფასებდა კონკრეტულ პროექტებს. ზონალურმა საბჭომ დაადგინა, რომ ის ცვლილებები, რაც პროექტში იყო შეტანილი, იყო სამართლიანი.

ვერ დაასახელებთ ვერც ერთ პროექტს, რომელიც ჩვენი მმართველობის პირობებში გადაცდომით დამტკიცდა. პირობას გაძლევთ, რომ ასეთი პროექტი კახა კალაძის გუნდის პირობებში არ იარსებებს. ყველა ასეთი პრობლემატური პროექტი არის წლების განმავლობაში დაწყებული და მათ გააჩნიათ თავიანთი ისტორია. ჩვენ ვერ გავდივართ სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ვცდილობთ, არსებული პროექტები ამ სამართლებრივ ჩარჩოში მოვიყვანოთ და ამ მცდელობებს გავაგრძელებთ”- განაცხადა ილია ელოშვილმა.

ცნობისთვის, ატენის ქუჩის მოსახლეობა თბილისის მერიას პროკურატურაში უჩივის.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები