საზოგადოება

თბილისში „ზრდასრულთა განათლების ფესტივალი“ გაიმართება

28.06.16 19:35


„ზრდასრულთა განათლების ფესტივალი — 2016“ თბილისში 1-2 ივლისს გაიმართება.

ფესტივალის დევიზია „სწავლება მთელი სიცოცხლის მანძილზე“.

ის მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიცაა უმუშევრობა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობა.

ფესტივალი გაიხსნება კონფერენციით „ზრდასრულთა განათლება და ადგილობრივი განვითარება“, სადაც სიტყვით გამოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. კონფერენციაში ასევ მიიღებენ მონაწილეობას რაიონული ადმინისტრაციებისა და საკრებულოების წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებიდან.

ვერის პარკში 2 ივლისს გაიხსნება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პროვაიდერთა ფართო სპექტრი, ასევე ორგანიზებულია მასტერ-კლასები თექაში და ორიგამის დამზადებაში, ქსოვაში, ქარგვაში, თიხით ძერწვაში და სხვა.

გამოფენის სტუმრების წინაშე წარდგებიან: ჯგუფი „შვიდკაცა“, გიორგი ლაღიძის მუსიკალური ბენდი, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, ასევე, ასაკოვანი წყვილები სამეჯლისო ცეკვებს შეასრულებენ.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ზრდასრულთა განათლების ცენტრები ქვემო ქართლის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან.

ზრდასრულთა განათლების ფესტივალი საქართველოში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისის ინიციატივით, ასევე თბილისის მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, 2002 წლიდან იმართება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები