საზოგადოება

Oxfam-მა გამოარკვია, რით იკვებება საქართველოს მოსახლეობა

28.06.16 19:55


საქართველოში გამოკითხული 1000 ოჯახიდან 50%-ს, ფინანსური პრობლემების გამო, პროდუქტების შეძენის პრობლემები აქვს, აღნიშნულია საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის გამოკვლევაში.

გარდა ამისა, ხნიერი ადამიანების მხოლოდ 24%-ს შეუძლია რძის პროდუქტების ყიდვა, ხოლო ქალების 50%-ს, რეკომენდებული 10 დასახელების პროდუქტიდან, მხოლოდ ოთხის შეძენა შეუძლია.

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 61%-ისთვის დეფიციტურია თევზი და ხორცი, 45%-ისთვის — ხილ-ბოსტნეული, ხოლო 21%-ისთვის — რძის პროდუქტები. ხილისა და ხორცის ყიდვის საშუალება მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებს — ანუ გამოკითხულთა 34%-ს აქვს.

ამასთან, გამოკითხული ოჯახების 14% საკვების საყიდლად ფულს სისტემატურად სესხულობს.

კვლევის თანახმად, მოზარდების (10-დან 17 წლამდე) 50% რკინით, ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საკვებს არ იღებს, მაგრამ ხშირად ჭამს ტკბილეულს და სვამს გაზიან სასმელებს.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ქართულ ოჯახებში ყველაზე ხშირად ამზადებენ შემწვარ კარტოფილს, ლობიოსა და აჯაფსანდალს. აღსანიშნავია, რომ ხორციანი კერძები შედარებით იშვიათად მზადდება.

კვლევა 2015 წელს ივლისი-სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

Oxfam — საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ცდილობს. ორგანიზაცია 1942 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა.

Oxfam საქართველოში 40 კოოპერატივის შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები