მსოფლიო

ალიევის თქმით, აზერბაიჯანის ძალისხმევით სომხეთი, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის პროექტში ვერ ჩაერთო

09.02.18 14:45


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიციას მხარს უჭერს.

ამის შესახებ ალიევმა აზერბაიჯანის მმართველი პარტიის VI ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„გავაგრძელებთ წარმატებულ საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას მხარს უჭერს. გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, ევროპარლამენტი, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია – ყველა ამ წამყვანმა ორგანიზაციამ ისეთი რეზოლუციები და გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებიც კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას უჭერს მხარს. ამ გზით, კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირების ჩაეყარა საფუძველი.

სამართლებრივი საფუძვლები კი ისედაც არსებობდა“,– განაცხადა ალიევმა, წერს APA.az

მისი თქმით, მთელი მსოფლიო აღიარებს მთიან ყარაბაღს, როგორც აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილს.

„არც ერთ ქვეყნას არ აუღიარებია ეს სეპარატისტული სტრუქტურა, დარწმუნებული ვარ არც აღიარებს. ჩვენს პოზიციას ასევე ისტორიული ფაქტები ამყარებს. რადგან მთიანი ყარაბაღი ჩვენი ძირძველი, ისტორიული მიწაა. საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები და რეზოლუციები ამყარებენ როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკური საფუძვლებს.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, კერძოდ კი ევროპაში, სეპარატისტული განწყობები მატულობს. ევროპაც ხედავს, რაოდენ საშიში შეიძლება იყოს სეპარატიზმი. ჩვენ კი, აგრესიულ სეპარატიზმს წავაწყდით. ამიტომ ის მიდგომები, პროცესები, რომლებიც მსოფლიოში კონფლიქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა.

შემთხვევითი არ არის, რომ გასული წლის ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იქნა მიღებული რეზოლუცია, რომელიც წევრი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უჭწრეს მხარს. ასეთი რეზოლუცია პირველად იქნა მიღებული. ეს სომხეთისთვის მორიგი დარტყმა იყო, მათი მორიგი მარცხი და ჩვენი მორიგი გამარჯვება.

სინამდვილეში კი, ეს სამართლიანობის მორიგი გამარჯვება იყო. ამიტომ, ასეთი პოზიტიური განწყობები უფრო გამყარდება. ჩვენს პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ. სომხეთზე მეტი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ, ასევე მსოფლიო საზოგადოებამდე ჩვენი სიმართლე უნდა მივიტანოთ“,–აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩოში უნდა იყოს მოგვარებული. სხვა გზა არ არსებობს, არ დავუშვებთ ჩვენს მიწაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ვაჭრობის საგანი არასდროს არ გახდება. ჩვენი ძალისხმევა უნდა გავააქტიუროთ და ამას ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების საფუძველზე საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა იქნება შესაძლებელი და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი.

ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენ არც ჩვენი ისტორიული მიწების შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს ჩვენი მომავალი საქმიანობის მთავარი მიმართულება უნდა გახდეს, ისევე როგორც ახლა ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ჩვენი ისტორიული ტერიტორიაა ერევნის სახანო, ზანგეზური. ამის შესახებ ახალგაზრდობამ და მსოფლიომ უნდა იცოდეს. მახარებს, რომ ჩვენი ისტორიული მიწების შესახებ იწერება სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები, იღებენ ფილმებს, გამოფენები ეწყობა. მომდევნო წლებში ჩვენ გაცილებით აქტიურები უნდა ვიყოთ ამ საკითხში და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში პრეზენტაციები და გამოფენები უნდა გავმართოთ.

ერევანი ჩვენი ისტორიული მიწაა და ჩვენ, აზერბაიჯანელებმა, ეს მიწები უნდა დავიბრუნოთ.

ეს ჩვენი სტრატეგიული და პოლიტიკური მიზანია და ჩვენ ამ მიზანს ეტაპობრივად უნდა მივუახლოვდეთ.

რაც შეეხება სომხეთს, დღეს ყველა ხედავს, რომ ეს ქვეყანა საკუთარი საოკუპაციო პოლიტიკის მსხვერლი და ტყვეა, ჩვენ თითქმის ყველა საერთაშორისო პროექტიდან მათი იზოლაცია შევძელით. ყველა ენერგეტიკული და სატრანსპორტო მიმართულება მათი გვერდის ავლით მიდის და ეს ჩვენ გავაკეთეთ. თუმცა მარტივი არ ყოფილა. სამწუხაროდ, მსოფლიოში პროსომხური ძალები, სომხური ლობი და სომხებზე გაყიდული ზოგიერთი პოლიტიკოსები მუდმივად ცდილობენ ჩართონ სომხეთი ისეთ პროექტებში, რომელთა ინიციატორები ჩვენ ვართ. ყოველთვის, ძალიან მყისიერად ვეწინააღმდეგებოდით ამას და სომხეთი გარიყულია ყველა იმ პროექტიდან, რომლის რეალიზება ჩვენი ინიციატივით ხდება.

სომხეთი ასევე ვერ ჩაერთო ისეთ პროექტებში, როგორიცაა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი, ბაქო–თბილისი–ერზრუმი, გაზის სამხრეთის დერეფანი, ბაქო–თბილისი–ყარსი. ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ეს ქვეყანა ვერც ჩრდილოეთ–სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის პროექტში ჩაერთვება. ჩვემ ამას არ ვმალავთ. ზოგიერთი ცდილობს დაგვადანაშაულოს იმაში, რომ ჩვენ ისინი იზოლაციაში გვყავს. დიახ გვყავს და მომავალშიც გვეყოლება. იქამდე, ვიდრე ჩვენი ტერიტორიები არ იქნება გათავისუფლებული. ეს პოლიტიკა შედეგს გამოყოფს. დღეს არავინ დებს ინვესტიციას სომხეთში. იმიტომ რომ, პიველ რიგში ხელისუფლება კრიმინალურ, კორუმპირებულ, სისხლიან რეჟიმს წარმოადგენს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას რომ ქვეყანაში ფული ჩაიდოს.

მეორეს მხრივ, შეზღუდლი ბაზარი დიდი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა, საექსპორტო შესაძლებლობებიც შეზღუდულია. იმიტომ რომ ექსპორტისთვის გზებია საჭირო, თუმცა გზებიც რომც იყოს ინვესტორების მოზიდვისთვის პირობები მაინც არ იქნება შექმნილი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დიდ წილად ჩვენ გავაკეთეთ და ეს პოლიტიკა გაგრძელდება.

სომხების მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანა სამუდამოდ 40 ათასმა ადამიანმა დატოვა და ასეთი ტენდენცია ყოველწლიურად ფიქსირდება. ამიტომ, დემოგრაფიული კრიზისიც ჩნდება. ჩვენი ძალისხმევის შედეგად სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ჩიხი გახდა და ამ ქვეყნის მომავალი, რასაკვირველია ბუნდოვანია. ჩვენს პოლიტიკას გავაგრძელებთ და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ – ეკონომიკურ და პოლიტიკურს, სამხედრო ძალას და საკითხი ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს“,–განაცხადა ილჰამ ალიევმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები