პოლიტიკა

საქსტატმა მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ინტერაქტიული რუკები მოამზადა

09.02.18 18:45


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გეოგრაფიული-საინფორმაციო სისტემების გამოყენებით, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ინტერაქტიული რუკები მოამზადა.

თემატური ინტერაქტიული რუკები მომზადდა როგორც რეგიონულ, ასევე თვითმმართველი ერთეულებისა და სხვადასხვა ტიპის დასახლებების დონეზე. რუკები მოიცავს ინფორმაციას მოსახლეობის გეოგრაფიული განაწილების, სიმჭიდროვის, ასაკის, გენდერული განაწილების, ეროვნების, ქართული ენის ცოდნის, აღმსარებლობის, განათლების დონის, ეკონომიკური აქტიურობის, შინამეურნეობების შემადგენლობისა და საბინაო პირობების შესახებ.

ინტერაქტიული რუკები დამუშავდა ევროსტატის რეკომენდაციების შესაბამისად. ამასთან, მოსახლეობის რაოდენობის გავრცელებისათვის გამოყენებულ იქნა 1 კვ.კმ-ის ფართობის გეოგრაფიული ბადე (grid). აღნიშნული მიდგომა გამოიყენება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტატისტიკური სამსახურების მიერ და იძლევა აღწერის შედეგების სრულყოფილი ვიზუალიზაციის საშუალებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სივრცითი ანალიზის თვალსაზრისით.

საქსტატმა გეოგრაფიული-საინფორმაციო სისტემების გამოყენება მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საველე სამუშაოების დროს დაიწყო. იგი აუმჯობესებს მონაცემთა სიზუსტესა და ხარისხს, ხელს უწყობს რესურსების ეკონომიას, ამარტივებს მონაცემთა შეგროვებას და საველე სამუშაოების მონიტორინგს.

ინტერაქტიული რუკები განთავსდა საქსტატისა და მოსახლეობის აღწერის ვებ-გვერდებზე: http://gis.geostat.ge/geomap/demografia.html




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები