პოლიტიკა

ეკა ბესელია: საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და მნიშვნელოვანი გამოწვევაა

14.02.18 16:00


„საპარლამენტო კონტროლის კუთხით, წინა მოწვევის პარლამენტში ძალიან თამამი ნაბიჯები გადავდგით და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტები დავიწყეთ. საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: „საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საქართველოში“.

ეკა ბესელიას განცხადებით, როდესაც იგი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სათავეში ჩაუდგა, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების კუთხით ყველაზე მძიმე ვითარება იყო – ამ მიმართულებით არ იყო არანაირი ინსტიტუციური მეხსიერება და არც გამოცდილება.

მისივე თქმით, პარლამენტში სახალხო დამცველი ანგარიშის მოსასმენად, ექსპერიმენტის სახით, შეიქმნა ახალი ფორმატი.

„ჩემი ინიციატივით შეიქმნა ფორმატი, რომელიც იყო პირველი ნაბიჯი და ძალიან საინტერესო.

როდესაც სახალხო დამცველი ანგარიშით პარლამენტში მოდის, ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი და დავიწყეთ განსხვავებული საპარლამენტო განხილვა. 2012 წლამდე, პარლამენტის მხრიდან მთავარობის მიმართ არც ერთი რეკომენდაცია არ იყო გაცემული. ეს იყო ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. არც ერთი ანგარიში სახალხო დამცველის არ იყო მიღებული არსებითი შინაარსობრივი განხილვისთვის, ყველა ანგარიშს პარლამენტი 2012 წლამდე ცნობად იღებდა.

პირველივე წელს, სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენაზე მოვიწვიეთ მთავრობის წარმომადგენელები. ეს არის ძალიან კარგი ფორმატი იმისთვის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და განსაკუთრებით კი, ძალოვანი უწყებები, ჩართული იყვნენ ამ პროცესში.

ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი, როდესაც იქმნება ერთიანი, ღია და საქმიანი სივრცე დიალოგისთვის. 5 წელია უკვე ყველა ძირითადი უწყება მოდის პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიში მოსმენისას. როდესაც სახალხო დამცველი საუბრობდა რა დარღვევებია ადამიანის უფლებების სფეროში, ჩვენ შესაბამისი შეკითხვით მივმართავდით მთავრობას.

სხდომები იყო ღია და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სამოქალაქო საზოგადოების თანდასწრებით და რა თქმა უნდა, ოპოზიციას ჰქონდა აბსოლუტური წვდომა ყველა ინფორმაციაზე ამ პროცესმა გაზარდა მთავრობის ანგარიშვალდებულება და დამკვიდრდა საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანი ფორმა“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნული პროცესი 2-3 თვე გრძელდებოდა და პირველსავე წელს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში, რომელიც პარლამენტის სხდომაზე გავიდა, მხარდაჭერილი იყო 47 რეკომენდაცია მთავრობისთვის.

„ბოლო წლის ინფორმაციით, ამ კუთხით პარლამენტს 220 რეკომენდაცია აქვს გაცემული, ხუთი წლის განმავლობაში კი 500-მდე რეკომენდაცია, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია პროცესი და არა ციფრები. 2013 წლიდან დღემდე ეს ტრადიცია გრძელდება და გაგრძელდება, რადგან ჩვენ, 2016 წელს პარლამენტის რეგლამენტში ჩავწერეთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს უნდა მოჰყვეს რეკომენდაცია ან რეზოლუცია და არა ცნობად მიღება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, 2014 წელს, ასევე ექსპერიმენტის სახით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, 2013 წელს მიცემული რეკომენდაციების შესრულება მოითხოვა. „ეს ხდებოდა ღია სხდომებზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ეს იყო საპარლამენტო კონტროლის ძალიან საინტერესო, პირველი ნაბიჯები და ეს კარგი პრაქტიკა 2016 წელს ვაქციეთ როგორც რეგლამენტის სავალდებულო ჩანაწერი. მიხარია, რომ ვიყავი ამ ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ, თავის გამოსვლაში, ისაუბრა წინა მოწვევის პარლამენტში გადადგმულ კიდევ ორ მნიშვნელოვან ნაბიჯზე, ესენია: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების წინაშე წარსადგენი ანგარიშების გაგზავნასა და რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე პარლამენტს არ ჰქონდა არანაირის მექანიზმი და არანაირი კონტროლის ფუნქცია. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მოვამზადეთ ძალიან კარგი რეკომენდაციები და ცვლილებები, რომელიც 2016 წელს დავამტკიცეთ და პარლამენტი პირველად გახდა მაკონტროლებელი მთვარობაზე.

ვიდრე ეს ანგარიშები გაიგზავნება საქართველოს სახელით, იქამდე პარლამენტში შემოდის, პარლამენტი ისმენს, აკონტროლებს, ამტკიცებს და მხოლოდ ამის შემდეგ იგზავნება. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, პროგრესული ნაბიჯი, რომელიც 2016 წელს ჩვენ გადავდგით“,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაზე საუბარისას, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ამ კუთხით პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს ცვლილებები განხორციელდა და იმავე წელს, საქართველო იმ წარმატებულ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომლებსაც კარგი საპარლამენტო კონტროლი აქვს.

„ჩემთვის, როგორც ამავდროულად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აჩვენოს ძალიან ძლიერი მექანიზმი, თუ როგორ ასრულებს ის გადაწყვეტილებებს ამ კუთხით. 2016 მივიღეთ ახალი მექანიზმი და პარლამენტის რეგლამენტში ჩავწერეთ, რომ პარლამენტი აკონტროლებს მთავრობას როგორ ასრულებს ის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს. ამ მხრივ საქართველო 2106 წელს მოხვდა იმ წარმატებულ ქვეყნებს შორის, რომელსაც კარგი საპარლამენტო კონტროლი აქვს და რომელიც კარგად ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს. დინამიკა არის დადებითი და კარგი ამ კუთხითაც“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კონფერენციაზე გამოსვლისას, ეკა ბესელიამ ყურადღება გაამახვილა არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა უნდა გააგრძელოს გაბედული, პრინციპული და ინსტიტუციური ნაბიჯების გადადგმა უკვე სხვა მიმართულებითაც.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ერთ-ერთ გამოწვევად მიაჩნია ყველა კომიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით, კონტროლის ახალი სტანდარტების შემოღება, რაც პარლამენტის რეგლამენტში აისახება. ასევე მნიშვნელოვანია ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რომელიც განხორციელდა 2016 წლიდან უსაფრთხოების და სისხლის სამართლის კანონმდებლობის კუთხით როგორი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები გვექნება.

„ეს არის ახალი რეალობა , ახალი საკანონმდებლო სტანდარტი გვაქვს. ახალი სააგენტო – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტი, რომელიც ცალკე შეიქმნა, ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია კონტროლის კუთხით. ჩვენ ინსპექტორს მივეცით უნივერსალური მანდატი და ასეთი მექანიზმი მარტო საქართველოშია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი რეალურ დროში აკვირდება ფარული ელექტრონული კომუნიკაციის პროცესს.

მალე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ქოლგის ქვეშ შეიქმნება დამოკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და გაერთიანებულ ახალი სამსახური, ვფიქრობ, იქნება ძალიან საინტერესო მოდელი“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვანია, კომიტეტებმა ნდობის ჯგუფთან ერთად, თავიანთ სფეროებში, გააძლიერონ კონტროლის მექანიზმების ჩართვა.

ეკა ბესელიამ ისაუბრა, ასევე თემატურ მოკვლევებზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი პარლამენტის რეგლამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

„ყველა კომიტეტს ექნება მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ თემატური მოკვლევები ჩაატარონ. ეს არის ძალიან საინტერესო ბრიტანული და გერმანული მოდელიც. ამ მექანიზმს კარგად იყენებენ კომიტეტები პრობლემური საკითხების კვლევისთვის, ექსპერტიზისთვის, დასკვნებისთვის, რეკომენდაციებისთვის. ამის პრეცენდენტი ჩვენც გვქონდა, როდესაც ქალთა ძალადობის პრობლემებზე შევქმენით ასეთი თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც 6 თვე მუშაობდა არასამთვარობო ორგანიზაციებთან ერთად და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გამოსვლის ბოლოს, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ მექანიზმები, რაც დაინერგა, ითხოვს ძალიან მნიშვნელოვან ბერკეტებს უკვე აღსრულების კუთხით, საბიუჯეტო კუთხით და აუდიტის სამსახურის მიმართულებით.

„ვფიქრობ, რომ ასევე საინტერესო პრეცენდენტები შეიქმნება, ახალი ნდობის ჯგუფის ფარგლებში. როცა ჩვენ გენერალურ აუდიტორს ვუსმენდით ნდობის ჯგუფში, ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი და კარგი თანამშრომლობის მაგალითი კონტროლის თვალსაზრისით და ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, რაც შეიძლება სხვადასხვა კომიტეტებში გაიშალოს და გადანაწილდეს სფეროების მიხედვით. ვფიქრობ, ეს კარგი იქნება პარლამენტისთვისაც და მთავრობისთვისაც. საბოლოო მიზანი არის ის, რომ მოქალაქემ და საზოგადოებამ მიიღოს ის სიკეთე, რასაც კონტროლის მექანიზმების დანერგვა ემსახურება“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები