პოლიტიკა

ნატო-ში წევრობა არ არის რამე ისეთი, რაც განგებით არის მონიჭებული - ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული

23.02.18 22:10


ნატო-ში წევრობა არ არის რამე ისეთი, რაც განგებით არის მონიჭებული. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმი შიმ განუცხადა.

კითხვაზე, რა მესიჯი ჩამოუტანა საქართველოს ნატო-სგან, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, მან სამი ძირითადი მესიჯი ჩამოიტანა.

„პირველი, საქართველომ უნდა განაგრძოს ის გზა, რომელსაც ადგას. ნატო-ბუქარესტის სამიტიდან 10 წელი გავიდა, როდესაც ვალდებულება ავიღეთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ზოგჯერ რაღაცების განხორციელებას დრო სჭირდება. ამიტომაც, საქართველო უნდა მიჰყვეს ამ გზას, კონცენტრირდეს და არ იყოს იმედგაცრუებული. საქართველომ არ უნდა მოუსმინოს იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ ეს არასოდეს მოხდება. მე კარგად მახსოვს, თავის დროზე როგორ ამბობდნენ, რომ დასავლეთ ბერლინი არასოდეს გახდებოდა ნატო-ს ნაწილი ან ჩვენ ვერ დავიცავდით ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თუმცა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეალობაა. ნუ მოუსმენთ იმ ხალხს, ვინც ცდილობს თქვენში მოტივაცია მოკლას.

მეორე მესიჯია, განაგრძეთ ის კარგი მუშაობა, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. საქართველოს უზარმაზარი პროგრესი აქვს. პირველ რიგში, თავდაცვის რეფორმის კუთხით. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ეხმარება საქართველოს თავდაცვის რეფორმის გატარებაში. საქართველოში ძალიან ბევრი ნატო-ა. მე თბილისში ნატო-ს თითქმის იმდენ კოლეგებს ვხედავ, რამდენსაც ბრიუსელში. საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს და განაგრძოს ის კარგი მუშაობა, რომელსაც აქამდე ახორციელებს.

მესამე მესიჯი კი ის არის, რომ ნატო-ს წევრობა ეს პოლიტიკური ფაქტორის საკითხია და არა მხოლოდ თავდაცვითი და სამხედრო ფაქტორის საკითხი. ის ეხება დემოკრატიასა და დემოკრატიულ ფასეულობებს. საქართველოს ამ კუთხით დიდი პროგრესი აქვს“, - განაცხადა ჯეიმი შიმ.

რაც შეეხება იმას, თუ რას ეტყოდა ის ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიისწრაფვის ნატო-სკენ, ჯეიმი შის განცხადებით, პირველ რიგში, საქართველოზეა დამოკიდებული მოხდება ეს თუ არა.

„თუ ხელს ჩაიქნევთ და შეწყვეტთ საშინაო დავალების შესრულებას, ეს არ მოხდება. ნატო-ში წევრობა არ არის რამე ისეთი, რაც განგებით არის მონიჭებული. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. უნდა განაგრძოთ კარგი მუშაობის განხორციელება. ნატო სერიოზული ორგანიზაციაა. თუ ნატო რამეს ამბობს, ის ამას ასრულებს. ამიტომაც, ენდეთ ნატო-ს, განაგრძეთ მუშაობა სწორი მიმართულებით და ჩვენ შედეგს აუცილებლად დავინახავთ“, - განაცხადა ჯეიმი შიმ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად: ნუ მოუსმენთ იმ ხალხს, ვინც ცდილობს თქვენში მოტივაცია მოკლას და გაიძახის, რომ საქართველო არასდროს გახდება ნატოს წევრი.




წყარო : /www.for.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები