საზოგადოება

სულხან მოლაშვილის წამების საქმის გამოძიება, მისი გარდაცვალების მიუხედავად, არ შეწყდება

29.06.16 20:00


კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის წამების საქმის გამოძიება, მისი გარდაცვალების მიუხედავად, არ შეწყდება, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, სულხან მოლაშვილის წამების საქმის გამოძიების პროცესში ათეულობით საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, დაკითხულები არიან დროებითი მოთავსების იზოლატორისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის, სამედიცინო განყოფილების ექიმები, ექთნები, ასევე სულხან მოლაშვილის სხეულზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტები, რომელთაც შეხება ჰქონდათ დაკავებულ სულხან მოლაშვილთან.

როგორც „კვირას“ პროკურატურაში განუცხადეს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ სულხან მოლაშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში, აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება სულხან მოლაშვილის მიმართ დაკავების დროს განხორციელებული შესაძლო ძალადობრივი მოქმედებების და სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

2014 წელს, სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა. საქართველოს მთავრობას კი, სულხან მოლაშვილისთვის 3 თვის ვადაში 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და 1 წლის ვადაში საქმის გამოძიება დაევალა. დღეს დილით, საფრანგეთში, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. სულხან მოლაშვილი 2004 წლის აპრილში დააპატიმრეს და სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებასა და საბიუჯეტო თანხების მითვისებაში დამნაშავედ ცნეს. 9-წლიანი პატიმრობა მოლაშვილს 2006 წლის მარტში მხოლოდ ერთი წლით შეუმსუბუქეს. მისი საქმე გასაჩივრებული იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

2008 წლის იანვარში, სულხან მოლაშვილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები