საზოგადოება

ალექსანდრე ჯეჯელავა - მასწავლებელი ყოველ დღე უნდა მეცადინეობდეს, ისევე როგორც მოსწავლე

29.06.16 21:15


არამატერიალური მოტივაცია თანამედროვე მენეჯმენტში მთავარი და წამყვანია, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა განმარტა რას გულისხმობდა, როდესაც საუბრობდა, რომ მასწავლებლების დაფასებას გეგმავს და ეს ხელფასს სულაც არ უკავშირდება.

მისი თქმით, მასწავლებლები უნდა იყვნენ დაფასებული.

”ისინი უნდა ხედავდნენ საკუთარ მნიშვნელობას და მაშინ არ უნდა გვახსენდებოდეს, როდესაც რაღაც პრობლემები გამოჩნდება. ძალიან მაგარი მასწავლებლები გვყავს, მათ შეუძლიათ ჩვენი მომავალი აღზარდონ”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენიმე მაგალითის მოყვანით, რას გულისხმობს არამატერიალურ დაფასებაში, მინისტრმა დღეს სამინისტროში გამართული ღონისძიება მოიყვანა, როდესაც სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

”დღეს ოლიმპიადაში ბავშვმა გაიმარჯვა, მარტო ბავშვს არ ვაჯილდოვებთ, ვაჯილდოვებთ მასწავლებელსაც. ეს არის არამატერიალური დაფასება. ტელევიზიაში მარტო მინისტრს კი არ გამოვაჩენთ, გამოვაჩენთ დამსახურებულ და კარგ მასწავლებლებს. რეგიონულ ღონისძიებებზე მარტო გამგებელი და გუბერნატორი კი არ გვეყოლება, არამედ მასწავლებელი გვეყოლება”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კითხვაზე, ამ ეტაპზე აკმაყოფილებს თუ არა მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაცია მას, როგორც განათლების მინისტრს, ჯეჯელავამ უარყოფითი პასუხი გასცა.

”კვალიფიკაცია რა თქმა უნდა, არ გვაკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ისე სწრაფად ვითარდება გარემო, რომ დაწევა ძალიან ძნელია.

ჩვენ რომ წელს ყველა პრობლემა მოვაგვაროთ, მომავალ წელს ახალი პრობლემები შემოვა, ამიტომ, მუდმივი სამუშაოა არა მარტო მასწავლებლების, არამედ ყველა პროფესიის შემთხვევაში”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და დასძინა, რომ მასწავლებელი ყოველ დღე უნდა მეცადინეობდეს, ისევე როგორც მოსწავლე, რათა მუდმივად ეწეოდეს ახალ გამოწვევებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მასწავლებლების დაფასებას გეგმავს და ეს ხელფასს სულაც არ უკავშირდება.

”ვისაც ჰგონია, რომ მოტივაციის საიდუმლო ხელფასია, 50 წლის წინანდელი მენეჯმენტის წიგნები გადაყაროს. თანაც, ვინც სკოლაში ფულისთვის მოდის, გზა ეშლება”, - განუცხადა გამოცემას განათლების მინისტრმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები