საზოგადოება

„გილოცავთ 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს“

08.03.18 21:30


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქალებს 8 მარტის დღესასწაულს ულოცავს. განცხადება სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელდა.

„გილოცავთ 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს!ვულოცავ ამ დღეს არამხოლოდ ქალებს, არამედ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების და თანასწორობის იდეა. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება.

ქართული კულტურა და ტრადიცია აღიარებდა და ეყრდნობოდა ამ ღირებულებებს; ისტორიულად ეს იდეები ჩვენთვის მშობლიური და ძვირფასია.

მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში თანასწორობის და თავისუფლების მიმართულებით არაერთი გამოწვევა გვაქვს, მათ შორის, კვლავ რჩება ქალთა მიმართ ძალადობის და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია – ამ ძალადობის გარკვეულწილად გამართლების და მისი მიმღებლობის ტენდენცია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. მიუხედავად კონსტიტუციაში დეკლარირებული თანასწორობის იდეისა, ქალები ბევრგან განიცდიან უთანასწორო მდგომარეობას: ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში და სხვ. ამ უთანასწორობას, ჩაგვრას და ძალადობას აქვს სხვადასხვა ფორმები, ზოჯერ აშკარა, ზოგჯერ უფრო ფარული, მაგრამ ის არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და ყველას გვასუსტებს – ქალებსაც და კაცებსაც,”- წერია განცხადებაში.

პრეზიდენტი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების როლზეც ლაპარაკობს.

„დღეს საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი ქალია, ვიდრე ოდესმე, რაც კარგია! მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე, მე კვლავაც მხარს ვუჭერ ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეას, რათა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა არჩევით ორგანოებში. ამაზე მე, ჯერ კიდევ, 2015 წელს გავაკეთე საჯარო მოწოდება, რომ ყველაზე უფრო დემოკრატიულ პროცესში – როდესაც საზოგადოება ირჩევს თავის წარმომადგენლებს თვითმმართველობისა თუ ცენტრალური წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტის დონეზე – ჩვენ შემოგვეღო კვოტირების სისტემა. მაშინ მე მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას, აქტიურად გვემუშავა ამ მიმართულებით. როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, უბრალოდ, უსამართლოა წარმომადგენლობით ორგანოებში ისინი იყვნენ მკვეთრ უმცირესობაში. ამასთან, საქართველოს დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში, გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე!

მაგრამ ეს ვერ და არ უნდა იყოს მხოლოდ ქალების გამბედაობის და დაუღალავი შრომის ხარჯზე მიღწეული შედეგი. სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ ამ საქმეში, არამხოლოდ კვოტირებით, არამედ ისეთი ღონისძიებებით, რაც გულისხმობს ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, რათა ძალადობამ არ შეაჩეროს ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისგან,”- წერია მისალოც წერილში.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები