პოლიტიკა

მაიკლ კარპენტერი - ვფიქრობ, პრემიერს და თავდაცვის მინისტრს ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს

06.05.16 16:30


ვფიქრობ, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრსაც ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, მაგრამ საქართველოს ყველა მექანიზმი გააჩნია, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე მაიკლ კარპენტერიმ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, თუმცა საქართველოს ყველა მექანიზმი გააჩნია, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს.

თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე მიიჩნევს, რომ ყოველწლიური სამოქმედო პროგრამისა და თავდაცვის სხვადასხვა პროგრამების სახით, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის ყველა მექანიზმი ხელთ აქვს.

”ნატო-სა და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. საქართველო ნატო-ს ავღანეთის მისიაში შეიარაღებული ძალების მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. მან იქ 850 ჯარისკაცი წინაპირობების გარეშე გააგზავნა. ქართველი ჯარისკაცები ძალიან უნარიანი მეომრები არიან. დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთში და იქამდე ერაყში. საქართველო ნატო-ს ერთადერთი არაწევრი მოკავშირეა, რომელიც ნატო-ს სამხედრო მისიაში მონაწილეობს. ამგვარად, საქართველო ნატო-ს სხვადასხვა ინიციატივებში აქტიურადაა ჩართული. ველოდები, რომ ვარშავის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდება, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცელ პაკეტზეც იქნება საუბარი, ნატო-ელი მოკავშირეები კი ორმხრივ ფორმატებში ითანამშრომლებენ საქართველოსთან”, - აღნიშნა კარპენტერიმ.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს გამართავს.

კითხვაზე, რას ურჩევს თავდაცვის მდივნის მოადგილე საქართველოს მთავრობას, კარპენტერიმ აღნიშნა, რომ საქართველო თავდაცვის რეფორმის განხორციელებით კარგ საქმეს აკეთებს.

”რეფორმა პროცესია. შევეცდებით, დავეხმაროთ საქართველოს, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. საქართველომ გრძელი გზა გაიარა. დღეს ის ბევრად უფრო თავსებადია ნატო-სთან, რასაც ნატო-ს მისიებში მისი მონაწილეობა ადასტურებს. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს”, - აღნიშნა თავდაცვის მდივნის მოადგილემ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები