საზოგადოება

კვიპროსში ქართული მონასტერი აშენდება

19.03.18 20:15


კვიპროსში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც იგეგმება ახალი მონასტრის აშენება, დღემდე შემორჩენილია ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევები, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მონასტრის აშენების შესახებ კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ დიმიტრის სილურისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

2018 წლის იანვარში კვიპროსის ეკლესიისა და კვიპროსის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სამონასტრო კომპლექსის ასაშენებლად 13 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა. ტერიტორია აგიოს მარინაში, ნიქოზიიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს.

აღნიშნული ქონების საქართველოს მხარისთვის საჩუქრად გადმოცემის თაობაზე დიალოგი მხარეებს შორის რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დოკუმენტს კვიპროსის მხარემ 2018 წლის 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეზე მოაწერა ხელი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში 12 იანვარს გამართულ შეხვედრას კვიპროსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე საბა (გიგიბერია) და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი კვიპროსის რესპუბლიკაში დეკანოზი ზაქარია (ფერაძე) ესწრებოდნენ.

„ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც გამონაკლისის სახით საქართველოს საკუთრებაში 13 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადმოეცა. ამასთან ერთად კვიპროსის სახელმწიფომ ქართული ეკლესია ზემოაღნიშნული ქონების გადასახადისგან გაათავისუფლა", — აღნიშნა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ.

სასულიერო პირების განცხადებით, კომპლექსი ევროპაში ყველაზე მასშტაბური ქართული სამონასტრო–საგანმანმათლებლო ცენტრი გახდება.

საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები