საზოგადოება

თავდასხმა ავლაბარში - ,,ობიექტივის" ჟურნალისტს და ოპერატორს სცემეს

20.03.18 20:30


თბილისში, ავლაბარში, ,,ობიექტივის" ჟურნალისტსა და ოპერატორს სცემეს. მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიყენებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ,,პირველს" ობიექტივის ახალი ამბების ხელმძღვანელმა ანი კიკნაძემ განუცხადა, ,,ობიექტივის" ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, ოპერატორს კი სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. გადამღებ ჯგუფს ცუცქირიძის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის გადაღებისას სცემეს.

,,კადრებში, რომელიც მაჩვენეს, ჩანს, რომ ჟურნალისტი და ოპერატორი შედიან სასტუმრო ,,კინგ ედუარდში". კამერა არის გამორთულ მდგომარეობაში. შედის ჟურნალისტი და ელეპარაკება სასტუმროს ხელმძღვანელს. წუთის წუთნახევრის განმავლობაში საუბრობენ. ჩანს, რომ შენობის კუთხიდან გამოდის სასტუმროს მფლობელის შვილი ედუარდ ელიბეგოვი და ოპერატორს ქუჩური ჟესტიკულაციით მხარზე ხელს ურტყამს და ჟურნალისტი და ოპერატორი დაახლოებით 15 წამში ტოვებენ ტერიტორიას. შემდეგ ვნახე გარე კადრები, სადაც ჩანს, რომ სასტუმროს მენეჯერი ქალბატონი გამოდის და და ხელს იშვერს ჩვენი გადამღები ჯგუფის მიმართულებით, საითაც ისინი წავიდნენ და შემდეგ სასტუმროს მფლობელი გოგა ელიბეგოვი გამოდის და კიდევ უფრო უხეში ჟესტიკულაციით რაღაცეებს ყვირის. როგორც მითხრეს თვითმხილველებმა, საშინელი სიტყვებით აგინებდნენ ჟურნალისტს და ოპერატორს, რასაც მოყვა ხელჩართული ჩხუბი. ჟურნალისტს თავი აქვს გატეხეილი და ოპერატორს დააგლიჯეს თმა და სხეულზე დაზიანებები აქვს მიღებული", -აცხადებს ,,პირველთან" საუბარში ანი კიკნაძე.

მისივე თქმით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა გადამღები ჯგუფი უკანონო მშენებლობების თემაზე მუშაობდა.

,,ჩვენ მოგვმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომლის მფლობელობაშიც იყო ეს შენობა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. ზედამხედველობის სამსახურს უკვე გაფრთილებული ჰყავს, დაჯარიმებული და მშენებლობა მაინც გააგრძელეს. ამ საქმის გასარკვევად, როგორც მეორე მხარესთან,მივიდნენ ჟურნალისტები. იმის მიუხედავად, რომ მეორე მხარე ჩაეწერათ და მოპასუხე მხარე წარმოეჩინათ, მოყვა ასეთი დამოკიდებულება სასტუმროს მეპატრონის მხრიდან", - განაცხადა ,,ობიქტივის" ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელმა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. როგორც ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს დროში გაავრცელებენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები