საზოგადოება

ფოთში კანის ფორმის ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა

22.03.18 20:00


ფოთში კანის ფორმის ჯილეხით სამი შუახნის ადამიანი - ორი მამაკაცი და ერთი ქალი დაინფიცირდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის ზიზი ცაავას ინფორმაციით, სამივე შემთხვევა საშუალო სიმძიმისაა და სამედიცინო დახმარება მათ დროულად გაეწიათ.

ამ დროისთვის, ერთი ბინაზე მკურნალობს, დანარჩენი ორი კი საკუთარი მიმართვით ქუთაისისა და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოებშია მოთავსებული.

ცაავას ცნობით, დაინფიცირება მაშინ მოხდა, როდესაც ისინი კერძო სახლში დაკლულ საქონელს შეეხნენ.

„ორი მათგანი ატყავებდა, ერთმა კი იყიდა ხორცი და დამუშავების დროს დაინფიცირდა.

აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში კანში ჰქონდათ ნაჩხვლეტი ჭრილობა და დაინფიცირება შეხებამ გამოიწვია. რაც შეეხება მათ, ვინც ეს ხორცი მიირთვა, შემიძლია გითხრათ, რომ თავს კარგად გრძნობენ და არანაირი გამოვლენა არ ჰქონიათ. პაციენტებს რაც შეეხებათ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა ცაავამ.

სურსათის ერთოვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ჯგუფი ადგილზე გავიდა.

უწყების ინფორმაციით, აღებულია პათოლოგიური მასალა ლაბორატორიული კვლევისთვის და მიმდინარეობს კვლევა.

ეპიდემიოლოგის ცნობით, ჯილეხის ერთი შემთხვევა გასულ წელს ფოთში სიკვდილით დასრულდა, ერთი კი ეპიზოდური ფორმის იყო.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები