საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო

23.03.18 16:00


საგამოძიებო სამსახურმა არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის არადეკლარირებული საქონელი - 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, აღნიშნულ ფაქტზე - საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 'MERCEDES BENZ'-ის მარკის სამგზავრო ავტობუსში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სარფის’’ გავლით, ცდილობდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - 36 კგ ოქროსა და 4 კგ ვერცხლის ნაკეთობები, ასევე ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 2 000 000 ლარს აღემატება, ხოლო ამოღებული ავტონაწილების ღირებულება 19 700 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში საბაჟო წესების დარღვევით შემოსული კონტრაბანდული საქონლის თავისუფალი ბრუნვის აღკვეთაა, რაც ქვეყანის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას საგამოძიებო სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები