საზოგადოება

კვირას, 8 მაისს, რიყის პარკში „ევროპის დღის" აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება

06.05.16 16:45


„ევროპის დღის" აღსანიშნავად, საქართველოში ევროკავშრის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, კვირას რიყის პარკში, „ევროპის დღის" აღსანიშნავი ღონისძება გაიმართება.

„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები თბილისის მერიასთან ერთად გეპატიჟებიან ,,ევროპის დღის“ აღნიშვნაზე კვირას, 8 მაისს, თბილისის რიყის პარკში. მთელი დღის განმავლობაში პარკში მოწყობილ ,,ევროსოფელში“ სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში, საღამოს კი გაიმართება კონცერტი ქართველი და ევროპელი შემსრულებლების მონაწილეობით. საქართველოს ყველა მოქალაქეს ვეპატიჟებით ,,ევროპის დღის“ აღნიშვნაზე ევროკავშირთან ერთად!

,,ევროსოფელი“ გაიხსნება 12 საათზე, საინფორმაციო და სახალისო ღონისძიებებით მთელი ოჯახისთვის. ევროკავშირის ქვეყნები საელჩოები წარმოაჩენენ თავიანთ ტრადიციებსა და საქმიანობას საქართველოში. სპეციალურად მოწყობილ კულინარიულ კუთხეებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გასინჯონ ევროპული სამზარეულო. დღის განმავლობაში რიყეზე მოწყობილი სცენა დაეთმობა კულტურულ ღონისძიებებს, თამაშებსა და პრიზებს ბავშვებისთვის.

15 საათზე დაიწყება ღონისძიების ოფიციალური გახსნა. ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია სიტყვით მიმართავენ სტუმრებს. ღონისძიებები გაგრძელდება 18 საათამდე.

საღამოს, 19 სთ–დან 21.30–სთ–მდე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ,,სუხიშვილები“, ევროვიზიის ქართველი მონაწილეები ნინა სუბლატი და ჯგუფი ,,ელდრაინი,“ ჯგუფი ,,ნიუტონი“, იტალიელი ტენორი პიერო მაცოკეტი, რომელიც იტალიიდან სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოვიდა და ქართველი სოპრანო ირინა თაბორიძე.

,,ევროპის დღის“ აღნიშვნით გაიხსნება ევროპის დღეები, რომლებიც 8 მაისიდან 24 მაისამდე გაგრძელდება. ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის თაოსნობით ჩატარდება ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ევროპის დღისა და ევროპის დღეების შესახებ იხილეთ http://www.europedays.ge Facebook europeanunioningeorgia.

ევროკავშირის ქვეყნებში ,,ევროპის დღეს“ 9 მაისს ზეიმობენ იმის აღსანიშნავად, რომ 1950 წლის 9 მაისს ევროკავშირის ერთ–ერთმა დამაარსებელმა რობერტ შუმანმა თავის გამოსვლაში წამოაყენა ევროპის ქვეყნების ერთიან თანამეგობრობაში გაერთიანების იდეა. ამ იდეის განხორციელება – ომის შემდგომ ევროპაში მშვიდობის დამკვიდრება – ექვსი ევროპული ქვეყნის გაერთიანებით დაიწყო და დღეს, 50–ზე მეტი წლის შემდეგ, 28 სრულიად განსხვავებულ წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. ეს სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ და მრავალფეროვან ევროპულ ერთობას ქმნიან" - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.


წყარო : IPN /www.liberali.ge/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები