საზოგადოება

ანა დოლიძე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესით პოლიტიკური მანიპულირების საფრთხეზე საუბრობს

16.04.18 18:00


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის განცხადებით, მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა ხელმძღვანელობს.

დოლიძის შეფასებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის მჭიდრო ნათესაური კავშირი „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებთან, აჩენს კითხვებს, რომ შესაძლოა მოხდეს პროცესით პოლიტიკური მანიპულირება.

„მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი ქალბატონი თინათინ აბრალავა არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვანო ზარდიაშვილის მეუღლე. შესაბამისად, ამავე დროს ფარქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ნათესავი.

ეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. მჭიდრო ნათესაური კავშირი დეპარტამენტის დირექტორის „ქართული ოცნების“ ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და თანამდებობის პირებთან, აჩენს ძალიან დიდ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მოხდეს პროცესის პოლიტიკური მანიპულირება“,-აღნიშნა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით 6 საკითხის განხილვაა გათვალისწინებული.

მათ შორისაა სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის 2017 წლის მდგომარეობის თაობაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში (CEPEJ) საქართველოს წარმომადგენლის მოხსენება. საბჭოს წევრები, ასევე, განიხილავენ გადაწყვეტილების პროექტს - „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის №1/56 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის თანახმად, მოსამართლეზე საქმეები სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებამდე 1 დღით ადრე არ განაწილდება. დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნას შეეხება. პროექტი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას ივნისის თვეში ითვალისწინებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები